ჩვენმა კოლეგებმა ევროპარლამენტიდან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შესვლა არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ უჭერენ პარლამენტის გარეთ რაიმე დესტრუქციულ პროცესს. _ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით ოპოზიციის ჯანსაღმა ნაწილმა, ვინც თვლის, რომ მონაწილეობა არის დემოკრატიისთვის აუცილებელი პირობა, დროა ნაბიჯები გადადგას.
,,უახლოესი მომავალი გვაჩვენებს ზუსტად იმას, რომ ჯანსაღი ნაწილის დამოკიდებულება უფრო სწორია. ისინი რადიკალური ჯგუფის გავლენისგან გამოვლენ და მიიღებენ დემოკრატიისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს, რადგან ჩვენმა კოლეგებმა ევროპარლამენტიდან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შესვლა არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. მათ არაერთ განხილვაზე მკაფიოდ თქვეს, რომ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ უჭერენ პარლამენტის გარეთ რაიმე დესტრუქციულ პროცესს, ასევე არჩევნების და პარლამენტის გვერდის ავლით რაიმე ცვლილებების მცდელობას ქვეყანაში. რასაკვირველია, ოპოზიციის ეს მიდგომა აზიანებს ჩვენს დემოკრატიულ პროცესს და ქვეყნის სტაბილურობას.
ოპოზიციის გეგმას, რომ ქუჩის პროცესებით და დესტაბილიზაციით რაიმე ცვლილებები მოხდეს, ძალიან ცოტა მოქალაქე უჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, არჩევნებში ოპოზიციამ ბევრად მეტი ხმა მიიღო, ვიდრე შეეძლო ამ დესტრუქციული გეგმის გარშემო საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ოპოზიციის ეს გეგმა ახლა გაკოტრებულია და დროა, ოპოზიციის ჯანსაღმა ნაწილმა, ვინც მომავალზეა ორიენტირებული და თვლის, რომ მონაწილეობა არის დემოკრატიისთვის აუცილებელი პირობა, ნაბიჯები გადადგას“ _ განაცხადა თალაკვაძემ.
ფოტო: facebook