გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“, მეორე შეხვედრაც მოუგო, თად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსს“ და ესპანეთის „ლიგა ენდესას“ ნახევარფინალში გავიდა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ნახევარი ბურგოსმა მოიგო 41-35, თუმცა ტენერიფემ მესამე პერიოდში მთელი მრისხანება ჩართო და მიწასთან გაასწორა მეტოქე.
საბოლოოდ სტუმრებმა 68-92 იმარჯვეს და 1/2 ფინალში გავიდნენ, სადაც დიდი ალბათობით, „ბარსელონას“ დაუპირისპირდებიან, რომელიც სერიაში 1-0 ამარცხებს „ბადალონას“.
რაც შეეხება გიორგი შერმადინს და თად მაკფადენს, მათი მონაგარი მეორე შეხვედრაში ასეთია:
გიორგი შერმადინი - 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება.
თად მაკფადენი - 10 ქულა, 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა.
ნახევარფინალში გავიდა „მადრიდის რეალიც“, რომელმაც ასევე ორივე მატჩი მოუგო „გრან კანარიას“.
ბოლო ნახევარფინალისტს „ვალენსია“ და „ბასკონია“ არკვევენ, რომელთა შორის ანგარიში სერიაში 1-1 ფიქსირდება და მესამე გადამწყვეტი მატჩი გადაწყვეტს ვინ შეხვდება მადრიდის რეალს.