ალეკო ელისაშვილი თბილისი პრაიდზე: ,,კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე მეტად ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა“
პასუხისმგებლობა ეკისრება ღარიბაშვილს, რადგან ის არის ქვეყნის მმართველი, ასევე, შს მინისტრს, რადგან პოლიცია სათანადოდ არ ირჯებოდა, დარბოდნენ ქაოტურად, არაორგანიზებულად... ,,მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ,,პალიტრანიუსის“ ეთერში თბილისი პრაიდის ირგვლის განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ LGBTQ თემის წარმომადგენლებსაც უნდა ახსოვდეთ, რომ უფლებების გარდა არსებობს პასუხისმგებლობა და გონივრულობის ფარგლები, და რომ ის, რასაც ისინი დემონსტრაციულად მოითხოვენ, კონსტიტუციაში და ანტიდისკრიმინაციულ კანონში ისედაც წერია და ეს ისედაც მათი უფლებაა.
,,ღარიბაშვილი როგორც ლაპარაკობს, ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, იმ საღამოს მისი განცხადება იყო თვალის ჩაპაჭუნება, ,,მიდით აბა, თქვენ იცით, ბიჭებოო“, ღარიბაშვილის განცხადებები იყო წამქეზებლური. 5 ივლისის მოვლენებზე, პირველ რიგში, პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. ხელისუფლება იმიტომაა ხელისუფლება, რომ ვიღაცეებისკენ ხელი კი არ უნდა გაიშვიროს, არამედ ძალადობა უნდა აღკვეთოს. პასუხისმგებლობა ეკისრება ღარიბაშვილს, რადგან ის არის ქვეყნის მმართველი, ასევე, შს მინისტრს, რადგან პოლიცია სათანადოდ არ ირჯებოდა, დარბოდნენ ქაოტურად, არაორგანიზებულად, ტურისტი დაჭრეს, ხალხს სახლში შეუვარდნენ, ოფისები დალეწეს, ხალხი დასისხლიანებული იყო, მთელი დღის განმავლობაში როგორ ვერ მოახდინეს ამის ორგანიზება? გუშინ ხომ შეძლეს? გუშინწინ რატომ ვერ შეძლეს? შს მინისტრი წესით 5 ივლისის უნიათობის გამო უნდა გადადგეს, რადგან 5 ივლისს რაც ხდებოდა, ფაქტიურად პოლიცია არ არსებობდა.
პირველი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, პრაიდის ორგანიზატორებსაც აქვთ თავის წილი პასუხისმგებლობა. ხო იცი, რომ ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ, ის ხარი გამოგეკიდება აუცილებლად. კონსტიტუცია არსებობს, სადაც წერია, რომ ყველას აქვს შეკრების უფლება, თავისუფელი გადაადგილების უფლება, კი ბატონო, მაგრამ ამ წლების მანძილზე ყველაზე გამაღიზიანებელი ფაქტორი მათი მხრიდან რა არის? ის რომ გინდა თუ არა აღლუმი უნდა ჩავატაროთ და აუცილებლად რუსთაველზე უნდა გავიაროთო. აი რატომ აკეთებენ ამას ვერ ვხვდები. ხო შეგიძლია ეს არ გააკეთო? ჩაატარე პრაიდის ფარგლებში რაღაც შეხვედრა, სადმე კლუბში, მაგრამ აი გინდა თუ არა ჩვენ მარშით უნდა გავიაროთ რუსთაველზე. რატო აკეთებ ამას, როცა იცი, რომ ამას აუცილებლად მოყვება ცუდი შედეგი? კი ბატონო, გაქვს უფლება რომ გამოხვიდე და მარშით გაიარო, მეც მაქვს უფება, თქვენც გაქვთ უფლება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გადავადგილდეთ, მაგრამ უფლება ერთია და შემდეგ არის პასუხისმგებლობა და არის გონივრულობის ფარგლები და არის ერთმანეთის პატივისცემა. ის რომ არ გეზიზღებოდეს შენგან განსხვავებული ამის მოთხოვნა ნორმალურია და ამის უფლება ყველას გვაქვს, ეს გვიწერია კონსტიტუციაში, ეს გვიწერია ანტიდისკრმინაციულ კანონში.
თავის პასუხისმგებლობა აქვთ სასულიერო პირებსაც, რომლებსაც გონიათ, რომ ცემა-ტყეპა ქრისტიანობაა და გონიათ, რომ 20 წლის გოგოს რომ თავში ჩაარტყამს, ამით ქრისტეს მხედარი ხდება და ქრისტეს იცავს, იმდენად არ ესმის არაფერი. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე მეტად ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა“ _ განაცხადა ალეკო ლისაშვილმა.