გიორგი თაბაგარი, Tbilisi Pride-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებისა და ფიგურანტების სახლების ჩხრეკა და გამოკითხვაზე დაბარება არაფერს შეცვლის, სანამ ყველა მათგანი ციხეში არ აღმოჩნდება, ხოლო პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დატოვებს თანამდებობას.
თაბაგარის თქმით, შსს-ს ძალადობრივ ჯგუფებზე ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა, სათანადო რეაგირება არ ყოფილა.
„შსს-ს 5 ივლისამდე ყოველ შეხვედრაზე ვაწვდიდით ინფორმაციას ალტ ინფოს ორგანიზებაზე, პირადადაც ჩავურთე ვიდეო ზურა მახარაძის ძალადობრივ მოწოდებაზე, იმეილებზეც დავუგზავნეთ სქრინები. მაშინ გამოკითხვაზე დაიბარეს თავის მოსაჩვენებლად და შემდეგ შეხვედრაზე თავიც მოიწონეს, აი ხო ვმუშაობთო..
შემდეგ იყო 1 ივლისი და ფილმის ჩვენება, სადაც ბოთლებს, ქვებსა და კვერცხებს ისროდნენ გავეშებული ტერორისტები, ცდილობდნენ შენობაში შემოჭრას, სწორედ ალტ ინფოს ორგანიზებით. ხილული ძალადობაც არ აღმოჩნდა საკმარისი მათ დასაკავებლად.
5 ივლისამდე თუ ცოტათი საბელზე ჰყავდათ გამობმული, ხუთში საბოლოოდ აუშვეს ველური ცხოველები და პირდაპირ მოგვიქსიეს აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. პუბლიკას მომზადებულ ვიდეოში ძალიან კარგად გამოჩნდა თუ როგორ ითანამშრომლა პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან და მათ ლიდერებთან. იმაშიც გამოჩნდა თუ რა ოპერატიულად იღებდნენ ეს ჯგუფები ჩვენი გადაადგილების მარშრუტებს და როგორღაც ყოველ ჯერზე პოლიციაზე ადრე ახერხებდნენ ყველგან მისვლას.
ამიტომ არავინ ჭამს ამ ფაფხურს, სანამ ყველა ძალადობის ორგანიზატორს არ ვნახავთ გისოსებს მიღმა! სანამ პოგრომის თანამონაწილე ღარიბაშვილი არ დატოვებს თანამდებობას“ - წერს გიორგი თაბაგარი.
მთავარი ფოტო: mythdetector.ge