ქართველი ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერმა თქვა, რომ კომპანიები ზოგიერთ წამალს 300-400%-იანი ფასნამატით ყიდიან. როგორც ღოღობერიძე ამბობს, მას ისეთი აფთიაქების გახსნა სურს, რომლითაც ხალხიც სარგებელს ნახავს და სახელმწიფოც. იგი ამ იდეის განსახორციელებლად სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.
,,პრემიერმა თქვა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ითო.
აი, 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა.
დღეში 2-3 ბიზნესმენს ვხვდები და ტვინს ვუდუღებ, რომ ამ იდეაში ამყვნენ.
მთავრობა უბრალოდ დამიდგეს გვერდით, ცოტათი მაინც წამომიკრას ხელი და იქნება ისეთი აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება 300-400%-ით ძვირად. ხალხიც სარგებელს ნახავს და სახელმწიფოც იხეირებს.
სახელმწიფოს ზღვა რესურსი აქვს და მათ ეს არ დაუჯდებათ ძვირი. ყველა ეტაპს მივხედავ, ყოველგვარი პოლიტიკური და ფინანსური სარგებლის გარეშე.
მე ჩემითაც მივაღწევ ამ მიზნებს, უბრალოდ, რამდენიმე წელი დამეხარჯება და მათი თანადგომისთ ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში იქნება“ _ წერს გიორგი ღოღობერიძე.