კრისტიან დანიელსონის დღიური (დღე პირველი)
(დღიური გამოქვეყნდება ყოვეელდღე, 19 სთ-ზე) გვიდოს ბლოგი
დღე პირველი - ჩავედი თბილისში. აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დამხვდნენ. ორი მანქანით იყვნენ. წამით შევყოვნდი, ვიკითხე, რომელში ჩავჯდე - თქო. ერთმა აქ დაბრძანდითო, მეორემ არა, ჩემთანო. კამათი დაიწყეს. ცუდად მენიშნა. ბოლოს მე თვითონ გავაკეთე არჩევანი. წამოვედი სასტუმროში. მშვენიერი ქვეყანა ყოფილა. თბილისი მომეწონა, თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, მისი მერის თამაში უფრო მომწონდა. დავბნავდი. საღამოს ხელისუფლების წარმომადგენლების გასაცნობად წავედი. შენობა, სადაც მივედით, არ გავდა არც პარლამენტს, არც მთავრობის სახლს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს. რესტორანი ყოფილა. კარგი ჟესტია.ყოჩაღ ქართველებო. გავიცანი ირაკლი, აჩიკო. მამუკა. სოზარი.მეორე ირაკლი. საქმეზე დავილაპარაკოთ - თქო, სოზარიმ - საქმე მოიცდის, დღეს ვიქეიფოთო. რა გზა მქონდა, დავთანხმდი. ოფიციანტმა მენიუ მოიტანა. ერთ-ერთმა ირაკლიმ თქვა, მენიუ შევათანხმოთო და სადღაც დარეკა. დავსხედით. აქ კარგი ხინკალი აქვთო, მითხრა მამუკამ და მომაწოდა. მართლაც შესანიშნავი რამაა ხინკალი. რეცეპტი ჩავიწერე. ცოლს უნდა გავუკეთო სახლში - მეთქი. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ირაკლიმ - თამადა ავირჩიოთო (თამადას აქ უწოდებენ ადამიანს რომელიც კონკრეტულ სუფრაზე ამბობს სადღეგრძელოებს და სხვები იმეორებენ). შევატყვე, ყველას უნდოდა თამადობა. თუმცა ირაკლიმ სადღაც ისევ დარეკა და გადაწყდა რომ თავადვე იქნებოდა. მოკლედ, კარგად გავერთე. აჩიკო ლექსს ლექსზე კითხულობდა. კარგი ბიჭია. მომეწონა. მამუკამ იმღერა. კარგად მღერის. ირაკლიმ (თმახუჭუჭამ - ასე განვახსვავე მეორისგან) ცოტათი შემაშინა. 90 გრადუსიანი ვისკი დავდგი მაგიდაზე (შვედური ტრადიციული წესია, სტუმრად სასმელის მიტანა), მთელი ჭიქა დაცალა და სახე საერთოდ არ შეცვლია. ვიკინგებზე მქონდა განაგონი ასეთი ლეგენდა. ბევრი ღვინო დამალევინეს, არ მინდოდა, მაგრამ ყველა სადღეგრძელოში ჩემს ირგვლივ ტრიალებდნენ(თამადამ თქვა ასე). ხან ცოლი დამილოცეს, ხან შვილები, მშობლები, მეგობრები, და-ძმა, მეზობლებიც კი. მეტი აღარ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, ბოლოს სოზარიმ ვებერთელა სასმისი დაცალა და ხტუნვა დაიწყო, მეც მახტუნა, ჩემებური ცეკვააო.
გაგრძელება იქნება...
ფოტო: facebook