სანდრო რაქვიაშვილი მაკროფინანსურ დახმარებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას გამოეხმაურა. „გირჩის“ დეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან რეაქცია ადეკვატური იყო.
„ჩვენ თუ გვინდა, ევროკავშირის მოკავშირე ვიყოთ, ელემენტარულ სტანდარტებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, მათ შორის, დემოკრატიისა და სასამართლოს სისტემის მიმართულებით. ფაქტია, რომ ასეთი ნაბიჯები რაც "ქართულმა ოცნებამ" გადადგა, ევროკავშირს დაგვაშორებს. თუ ეს ყველაფერი საარჩევნოდ პიარის ნაწილია, შიდა მოხმარებისთვის გაკეთებული, იმედია, ეს შეიცვლება. უფრო დიდი იმედი მაქვს იმის, რომ ამომრჩეველი ამ დესტრუქციულ ნაბიჯებს შეაფასებს და "ქართული ოცნება" მხარდაჭერას ვერ მიიღებს. თუ ტრენდი გაგრძელდება, ჩვენი საგარეო პოლიტიკა იგივე სვლით წავა, ეს ნიშნავს, რომ დავკარგეთ მეგობარი ქვეყნები, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. არ მგონია, რომ ახლო მომავალში სანქციები დაწესდება, მაგრამ თუ ჩვენს საგარეო პოლიტიკას იგივე გაგრძელება ექნება, ეს ნიშნავს, რომ მოკავშირე, რომელმაც ჩვენი უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, სანქციებს დაგვიწესებს და გაუგებარია, როგორ უნდა დავიცვათ თავი რუსეთისგან, თუ ევროკავშირი და ამერიკა გვერდზე არ დაგვიდგებიან. ძალიან საშიში ნაბიჯებია, შეიძლება, "ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ მოკლევადიან პერიოდში ელექტორალურად მოიგებს, მაგრამ მე საბოლოო ჯამში ამომრჩევლის იმედი მაქვს“ - ამბობს რაქვიაშვილი.
მთავარი ფოტო: for.ge