ერთხელ ვოლტ დისნეის ლოს-ანჯელესის მერობა შესთავაზეს, ,,რატომ უნდა ვიყარო კენჭი მერობაზე, როდესაც მე უკვე მეფე ვარო?“ _ იკითხა მან. სინამდვილეში იგი მხოლოდ ოდნავ აზვიადებდა. დისნეი ანიმაციური სამყაროს ნამდვილი მეფე იყო, მან პირველმა წარუდგინა მსოფლიოს მულტიპლიკაციური ფილმი და მე-20 საუკუნის კულტურას ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი საშუალება შემატა.
ანიმაცია დღეს იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული დისნეის სახელთან, რომ ერთის არსებობა მეორის გარეშე წარმოუდგენელია. ფაქტობრივად, ანიმაცია პოპულარული ხელოვნება იყო ბევრად ადრე, ვიდრე დისნეი დაიბადებოდა და კინოს გამოიგონებდნენ, ანიმაციის პირველადი სახე იყო საბავშვო წიგნი, რომლის ყოველ მომდევნო გვერდზე დახატული იყო წინა ნახატისგან ოდნავ განსხვავებული ნახატი. როდესაც წიგნს სწრაფად გადაშლიდით, ნახატი მოძრაობდა. ამგვარი წიგნები აგებული იყო ოპტიკური ილუზიის პრინციპზე.
პირველი ანიმაციური ფილმი - ,,ჰამფთი დამფთის ცირკი“ 1898 წელს შეიქმნა ალბერტ ე. სმიტის მიერ. ნახატების ნაცვლად სმიტმა მისი ქალიშვილის თოჯინები გამოიყენა. მისმა პარტნიორმა ჯეიმს სტიუარდ ბლაქბერნმა სახალისო ფილმი - ,,მხიარული სახეების იუმორისტული ასპექტები“ შექმნა, რითიც მაყურებელს ანიმაციური ხელოვნება შეაყვარა.