მსოფლიოს „მერვე საოცრებად“ წოდებული „პალმა ჯუმეირა“, რომელიც დუბაიში მდებარეობს, ოთარ ზალდასტანიშვილმა დააპროექტა.
ოთარ ზალდასტანიშვილი 1922 წელს დაიბადა თელავში. სულ მალე მისი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. ისინი ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდნენ ქართველ ემიგრანტებთან. ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოთარის ნათლია იყო.
ოთარ ზალდასტანიშვილი სწავლობდა სორბონას უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჰარვარდში. მოგვიანებით, ჰარვარდში კითხულობდა ლექციებს აეროდინამიკაში, იყო უამრავი თეორიული ნაშრომისა და არაერთი პატენტის ავტორი (მათ შორის ფოლადის კონსტრუქციების დამუშავებაში).
სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, ოთარ ზალდასტანიშვილმა მუშაობა დაიწყო ბოსტონის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში. 1964-89 წწ–ში იყო კომპანიის პრეზიდენტი, 1989-97 წწ–ში – დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 1971 წელს ფირმას სახელი შეეცვალა და ეწოდა "Zaldastani Associates Incorporated". 25 ინჟინერი მისი ხელმძღვანელობით ახორციელებდა დიდ სამშენებლო პროექტებს. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათასამდე ცნობილი ნაგებობისა და პროექტის ავტორია, მათ შორის – სასტუმრო "Copley Place" და ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტისა, მასვე ეკუთვნის ჰარვარდის უნივერსიტეტის სტადიონისა და ბრაუნის უნივერსიტეტის მოიჰანის აუდიტორიის აღდგენის პროექტები, სასახლეები ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა ქალაქებში. მისი პროექტებით არის აგებული მრავალსართულიანი შენობები ერაყში, ალჟირში, საუდის არაბეთსა და საფრანგეთში, აშშ-ის მემორიალი ნორმანდიაში დესანტის გადასხმის ადგილას. და ბოლოს, ავტორია 2002 წლიდან გახმაურებული ჯუმეირას გენიალური გეგმისა დუბაიში.
სამი კუნძული „პალმა ჯუმეირა“, „ჯებელ ალი“ და „დეირა“ ხელოვნური კუნძულებია პალმის ხის სახით. ისინი შედგება კუნძულის 16 ფოთლისაგან. გარს ერტყმის ნახევარმთვარის ფორმის ტალღამჭრელები. პალმის ასაგებად ზღვის ფსკერზე 94 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ქვიშა ჩაიყარა, ხოლო 11 კილომეტრის სიგრძის ნახევარმთვარის ფორმის ტალღამჭრელის გარეთა კიდე აიგო 6,3 მილიონი ტონა ქვისაგან. იმისათვის, რომ კუნძულის გარშემო წყალმა იმოძრაოს, ტალღამჭრელში ნაპრალებია დატოვებული, რაც ხელს შეუწყობს ამ არეალში ზღვის ცხოველებისა და თევზების გავრცელებას, ასევე რიფების წარმოქმნას.
ზალდასტანიშვილი იყო პიონერი სამშენებლო კონსტრუქციების ტექნიკის განვითარებაში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ავტოსტრადის ზედა სივრცის გამოყენება.
გარდაიცვალა 2005 წელს, დაკრძალულია მაუთ ობურნის სასაფლაოზე.
ფოტო: Iverieli
წყარო: nplg.gov.ge
მთავარი ფოტო: vizts.com