33 თაღიანი ხიდი ისპაჰანში
ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე ალავერდი-ხანი - გამაჰმადიანებული ქართველი, გვარად უნდილაძე იყო. დანამდვილებით არ არის ცნობილი, თუ როგორ მოხვდა ის სპარსეთში. პირველი ვერსიით - ბავშვობაში ტყვედ წაიყვანეს, მეორე ვერსიით კი საქართველოში ნელ–ნელა ხდებოდა უნდილაძეთა გვარის დამცრობა და ბოლოს ისეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილან, რომ აღარაფერი დარჩენიათ და ალავერდი-ხანი თვითონვე წასულა ირანში კარიერის გასაკეთებლად.
თავდაპირველად მას ოქრომჭედელთა უფროსის თანამდებობა ეკავა, თუმცა, მალევე იწყება მისი აღმავლობა და ბოლოს ცენტრალური ირანის პროვინციის - ფარსის ბეგლარბეგი და მოგვიანებით ყულის ჯარის უფროსი ანუ ყულარ აღასი ხდება. როგორც წესი, შაჰ აბასი ყველა პროვინციის მმართველს ამოწმებდა, მაგრამ არასდროს უფიქრია ფარსში ჩასვლა, რადგან უსაზღვროდ ენდობოდა უნდილაძეს და ისე უყვარდა, მამას უწოდებდა.
ირანის სამეფო კარზე ალავერდი-ხანის აღზევებაზე მეტყველებს ერთი კედლის მხატვრობა ისპაჰანის ორმოცსვეტიან სასახლეში, სადაც იგი შაჰ აბას პირველის გვერდითაა გამოსახული, როგორც პირველი დიდებულთა შორის. „მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი ვემორჩილები ალავერდი-ხანს“ - უთქვამს ერთ-ერთი მოგზაურისთვის შაჰ აბასს.
ალავერდი-ხან უნდილაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ირანში სამხედრო რეფორმა. შაჰის ძლიერი გვარდია „ყულის ჯარი“ დაკომპლექტებული იყო ქართველი და სომეხი ახალგაზრდებისგან. 1722 წლამდე (ავღანელთა მიერ ირანის დაპყრობამდე) „ყულის ჯარის“ მეთაური ყულარ აღასი წარმოშობით ჩვეულებრივ ქართველი იყო ხოლმე. 1596 წლიდან ალავერდი ირანის ჯარის პირველი ყულარ აღასია. 1598 წელს გადამწყვეტი როლი შეასრულა უზბეკი ტომებისგან ჰერათის განთავისუფლებაში. როგორც სარდალმა, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში (1603-1612 წწ.), 1605 ვანის ტბასთან მომხდარ შეტაკებაში. მისი სამხედრო ბიოგრაფიიდან აღსანიშნავია ბაჰრეინისა და ბაღდადის დაპყრობა.
თუმცა, ალავერდი-ხანის მოღვაწეობა მხოლოდ სამხედრო საქმეებით არ შემოიფარგლებოდა. უნდილაძეებს სპარსეთში აშენებული ჰქონდათ ბაზრები, ქარვასლები, სასახლეები, ხიდები, არხები, გზები. მისი დამსახურებაა ისპაჰანში - მაშინდელ დედაქალაქში მდინარე ზაიანდე-რუდზე (ქართულად „დედა მდინარე“), ოცდაცამეტ თაღიანი ხიდის აშენება. იგი ამჟამადაც ფუნქციონირებს და ალავერდი ხანის სახელს ატარებს. ხიდის სიგრძე 300 მეტრამდეა, სიგანე 14 მეტრი. იგი ყველაზე დიდი ხიდია მდ. ზაიანდე-რუდზე. ხიდი ორსართულიანია, კედლები თხელი, ქართული აგურით არის ნაშენი. ზედა სართულს ამშვენებს რამდენიმე ძალიან ლამაზი გუმბათი. ქვედა სართულზე გაკეთებულია შეჭრილი ოთახები, რომლებშიც ჩაიხანებია გახსნილი. ამბობენ, რომ უნდილაძის მიერ აშენებული ხიდის 33 თაღი ქართული ანბანის 33 ასოს შეესაბამება.
გარდა ამისა, ალავერდი–ხან უნდილაძის სახელთან ქალაქ შირაზში გრანდიოზული სკოლისა და ქარვასლის მშენებლობაა დაკავშირებული. ცენტრალურ ირანში ძალიან ცუდი გადასავლელი გზები ყოფილა და ალავერდი–ხანის მეუღლის თაოსნობით გაუყვანიათ გზები. გადმოცემის მიხედვით, უნდილაძეთა მიერ აშენებულ ჩეჰერ სუთუნის სასახლეში, რომელიც ფრესკებით იყო მოხატული, ქართული წარწერები ყოფილა, რომელიც შემდეგ მოუშლიათ, რადგან ირანში ასეთი რამ მიუღებელი იყო.
1614 წელს შაჰმა ალავერდი-ხანს საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად უხმო. უნდილაძემ ავადმყოფობის მომიზეზებით საქართველოში ლაშქრობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ის მალევე გარდაიცვალა. აბას I ბრძანებით იგი დიდი პატივით დაკრძალეს. არსებობს ეჭვი, რომ შაჰმა ხანი საქართველოში ლაშქრობაზე უარის თქმის გამო მოაკვლევინა. სხვა ვერსიის მიხედვით კი უნდილაძე შაჰის ბრძანებით მოკლეს, რადგან ფაქტობრივად იგი შაჰზე გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა.
ფოტო: irantourismer.com
ალავერდი-ხან უნდილაძის ბიუსტი ხიდთან (ფოტო: wikimedia)
წყარო: nplg.gov.ge
მთავარი ფოტო: irantourismer.com