კრისტიან დანიელსონის დღიური (დღე მეორე)
(დღიური გამოქვეყნდება ყოველდღე, 19 სთ-ზე) გვიდოს ბლოგი
მეორე დღე: შუადღით გავიღვიძე (ცხოვრებაში პირველად) თავი მტკივა. წამალი დავლიე. საღამოს ოპოზიცია უნდა გავიცნო. მომაკითხეს. მივადექით დიდ, თეთრ სვეტებიან სასახლეს. ოპოზიცია უფრო სერიოზული ყოფილა - გავიფიქრე. შევედი. ესეც რესტორანი ყოფილა, ღმერთო. გავიცანი, გიგა, გიგი, მამუკა, შალვა, იაგო, გიორგი, აკო. მივედით სუფრასთან. მე შევყოვნდი. მენიუს შესათანხმებლად არ რეკავთ - მეთქი? - ვიკითხე. გაეცინათ, არა, უკვე შევათანხმეთო და წარმომიდგინეს მენიუ, რომელზეც ყველა პარტიას ჰქონდა ხელი მოწერილი. მეც მომაწერინეს და ოფიციანტიც დაიძრა. საქმეზე მინდოდა ლაპარაკი. გიგიმ - დღეს ვიქეიფოთ, საქმე მოიცდის ხვალამდეო. იგივე. ყველა მანდატიანები ხართ - თქო? - ვიკითხე. მანდატიანებიც ვართ და კვერცხებიანებიცო - შალვამ. ყველამ გაიცინა. უცნაური ხალხია. თამადად უმანდატო გიგამ დაიყენა თავი. არავინ შეეწინააღმდეგა. ესენიც კარგი ხალხი სჩანს. აქ კარგი ხინკალი აქვთო - მითხრა გიგიმ. მართალი იყო, აქაც კარგი ხინკალი მოიტანეს. დალევაზე უარი ვთქვი. იაგომ - დალევის გარეშეც შეგვიძლია კარგ ხასიათზე დაგაყენოთო. ცოტა უნდა დალიოთ, თორემ ხელისუფლებასთან რო დალიეთ და ჩვენთან უარი თქვით, პოზიციის დაფიქსირება გამოგივათო - მირჩია გიგამ. სერიოზული არგუმენტია. შევთანხმდით, დავლევდი, ოღონდ თამადა სადრეგრძელოს განსხვავებულებით არ იტყოდა. კარგი დრო გავატარეთ. გიგა, გიგი და გიორგი 10 წლის წინანდელ ამბებს იხსენებდნენ. აკო ყველაფერს იღებდა და სადღაც აგზავნიდა. შალვა ანეკდოტებს ყვებოდა. იაგო იცინოდა.მხოლოდ მამუკა იჯდა ჩაფიქრებული. შალვას ვკითხე, რატომ არ არის ხასიათზე - თქო. ამ სუფრის ფულს ეგ იხდის და რა მოიყვანს ხასიათზეო და გაიცინა. დავიშალეთ. იმედი მომეცა.ისეთი უბრალოები და გახსნილები იყვნენ სუფრასთან ორივე მხარე, იმდენჯერ დალიეს საქართველოს სადღეგრძელო და ისეთი მგზნებარე სიტყვები (ლექსებიც) უძღვნეს, მგონი ხვალვე მოვრჩები მედიაციას.
გაგრძელება იქნება...
ფოტო: facebook