კრისტიან დანიელსონის დღიური (დღე მესამე)
(დღიური გამოქვეყნდება ყოველდღე.19 სთ-ზე)
8 საათზე გავიღვიძე. სასტუმროდან პირდაპირ ევროკავშირის საელჩოში წავედი. კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან მაქვს შეხვედრა. დიდი ხანია აქ არიან, ჩემზე უკეთ იცნობენ სიტუაციას და რეკომენდაციას მომცემენ. ჰარცელი კარებთან დამხვდა. კარგად გამოიყურება. კელიც იქვე იყო. მოვიკითხე. ავღანეთში, პაკისტანში და არაბეთში უფრო უკეთ ვიყავიო. რას ამბობთ, ახლაც ახალგაზრდულად გამოიყურებით - მეთქი, ვუთხარი კომპლიმენტი. დავსხედით. საქმეზე მინდა დავილაპარაკოთ - თქო. კარლმა - სანამ საქმეზე გადავალთ, თითო ჭიქა ხომ არ დაგველიაო. მერე უცებ ბოდიში მოიხადა, დიდი ხანია აქ ვარ და ამის თქმას მივეჩვიეო, რა თქმა უნდა ჯერ საქმეო. მე ორივეს რესტორნის ამბები მოვუყევი და ჩემი იმედები გავუზიარე. ღმერთმა ქნასო - ამოიოხრეს. ცუდად მენიშნა ამერიკის და ევროკავშირის ელჩები რომ ღმერთის იმედად არიან. ისევ მე გავაგრძელე საუბარი. ძალიან კარგი ხალხი სჩანს. ალბათ ხვალვე მოვაგვარებ პრობლემას, ზეგ ცოლის დაბადების დღეა და სახლში უნდა ვიყო - მეთქი. დეგნანმა შემაწყვეტინა. ფოსტით გაგზავნისთვისაც მზად იყავი, ყოველი შემთხვევისთვისო. გამოცდილი დიპლომატია. სიტყვებს ტყუილად არ ისვრის. ნეტა რატომ მითხრა ეს? რაიმე ახალი სტრატეგია გაქვთო? - მკითხა კარლმა. გავაცანი ჩემი სტრატეგია. მარტივი საკითხებით ვაპირებ დავიწყო. ოპოზიციას ვადამდელ არჩევნებზე უარს ვათქმევინებ. ხელისუფლებას კი პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე დავითანხმებ. შემდეგ გადავალ უფრო რთულ, თუმცა ქვეყნისთვის სასიცოხლო საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობა და საარჩევნო რეფორმა. შეიძლება ცოტა გამიჭირდეს, მაგრამ იმედი მაქვს შეთანხმებას მივაღწევ - მეთქი. რა გაძლევს ამის იმედსო, მკითხა კელიმ. მე იმ სასმისების და ფიალების რაოდენობა დავასახელე, რომლებითაც რესტორნებში, ორივე მხარემ, სამშობლოს სადღეგრძელოები დალიეს. კელიმ - ყავას მოვიტანო და წავიდა, არადა ყავა მდივან ქალს მოქონდა ხოლმე სულ, ძალიან გამიკვირდა და დამაფიქრა, ეს პუნქტები მიშელმა დაწერა თუ თქვენო? - მკითხა ჩაფიქრებულს კარლმა. მეც ამაყად ვუთხარი, რომ ეს პუნქტები ჩემი მეგობარი დიპლომატის დაწერილია, რომელიც აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში იყო ელჩი. იქაც ზუსტად იგივე პრობლემის წინაშე იდგა ოპოზიცია და ხელისუფლება და ძალიან მარტივად შეძლო შეთანხმების მიღწევა, აქ მითუმეტეს არ უნდა გაჭირდეს, ხომ მეთანხმებით - მეთქი, ვკითხე ჰარცელს. მან გაზაფხული დგება, ბუნება იღვიძებსო თქვა და ფანჯარაში გაიხედა. რატომ ამიგდო სიტყვა ბანზე? რაღაც უცნაურად იქცევიან. ვამჯობინე პირდაპირ მეკითხა ჩემი ეჭვების შესახებ. იმაზე ცუდადაა საქმე, ვიდრე თქვენ გგონიათო - ამოიოხრა კარლმა. ანუ გამოდის ყველაფერი სცადეთ ჩემამდე და არაფერი გამოვიდა? - კი, ეგრეაო, მითხრა კარლმა, თუმცა ჩვენ ახლა ცოტა განსხვავებული სტრატეგია ავირჩიეთო. მე, ცოლთან ერთად ქართული სიმღერა ,,ფიფქები ცვივა" ვიმღერე და დრამზე დავუკარიო. მერე სურამში სერგოს ნაზუქები ვიყიდე და სელფი გადავიღეო. კელი შემოვიდა და ღიმილით თქვა: მე კი საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ლექსი წავიკითხე და ვიდეოთი გადავიღეო. ჰმ, მეხუმრებიან. მერე გაამართლა ამ ხუმრობამ? - ვიკითხე და გავიღიმე. არა, არ გაამართლაო, სერიოზული სახით მიპასუხა ამერიკის ელჩმა და მივხვდი, რომ არ ხუმრობდნენ. ტანში გამცრა. თუმცა ახლა გაამართლებსო, განაგრძო ჰარცელმა. მე და კელი დაისის გაკვეთილებზე დავდივართო. ძალიან მაგარი ილეთები ვისწავლეთო. მერე ტელეფონში მუსიკა ჩართო. ხელებით მუშტები გააკეთა. ფეხზე წამოდგა და მაგიდას წრე დაარტყა, კელის წინ გაჩერდა. თავი დაუკრა. კელიც წამოდგა ხელები გაშალა და ახლა ორივემ დაარტყეს მაგიდას წრე. საშინელმა წინათგრძნობამ შემიპყრო. ტელეფონი ავიღე და ცოლისთვის საჩუქარი შევუკვეთე.
ფოტო: facebook