მმართველ პარტიასთან უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ რიტორიკის, სიძულვილის ენის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წინააღმდეგ ჩვენი განცხადებები უნდა იყოს ძალიან გასაგები და ასევე ჩვენი მოქმედება შედეგებთან დაკავშირებით. ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვებინარზე, რომლის მონაწილეებმაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ზეგავლენა შეაფასეს.
„მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისინი ისე არიან დაშორებული ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვას, როგორც არასდროს. მე ვგულისხმობ იმას, რომ ასოცირების შეთანხმება კვლავ პოლიტიკურ ჩარჩოდ რჩება, რომელიც არ შესრულებულა, მათ შორის სასამართლოს რეფორმების კუთხით, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ისინი ყოველ დღე სცილდებიან მას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა საჭიროა ფინანსური რეაგირება. არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის ბევრი მისი დაპირების შესასრულებლად და ასევე საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად“ _ განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.