საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიან ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
ე.წ. მწვანე პასპორტის ასაღებად უნდა გადახვიდეთ ვებ-გვერდზე (covidpass.moh.gov.ge), სადაც პირად მონაცემებს შეიყვანთ, რის შემდეგაც თქვენს მობილურ ტელეფონზე SMS კოდი გამოიგზავნება. კოდის შესაბამის ფანჯარაში შეყვანის შემდეგ კი გადაგიყვანთ გვერდზე, სადაც თქვენი ფოტო და შტრიხკოდი გამოიგზავნება, რომლის გადმოიწერაც შესაძლებელია. კოდს თქვენთვის სასურველ ადგილას ვიზიტისას წარადგენთ, შესაბამისი დაწესებულება კი მას დაასკანერებს და შესვლას შეძლებთ.
მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე.
მწვანე პასპორტი მოეთხოვებათ 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებს და ტურისტებს. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.