საიდან მოდის ნოტების სახელწოდებები
თანამედროვე სანოტო ნიშნების სისტემის შემქმნელი მუსიკის ცნობილი თეორეტიკოსი, ბენედიქტელი ბერი გვიდო მონაკო (დაახლ. 990-1050 წწ.), იგივე გვიდო არეცოელია. ამ ბერს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ: გვიდო მონაკო (მონაკო - იტალ. ბერი, მონაზონი), გვიდო დ’არეცო (დაერქვა მოღვაწეობის ადგილის – ქალაქ არეცოს გამო), გვიდო პომპოზიანო (გვიდო არეცოში გადასვლამდე პომპოზას სააბატოში მოღვაწეობდა).
არეცოს სააბატოში მოღვაწეობისას გვიდომ მრავალმხრივი მუსიკალური რეფორმა განახორციელა, რამაც მას ფართო აღიარება მოუტანა. შემდეგ ის პომპოზაში გადადის. გადასვლის მიზეზი გადმოცემით ორი სახისაა: ერთის თანახმად, მისმა პოპულარობამ არეცოელი ბერების შური და საეკლესიო ხელმძღვანელობის ანტიპათია გამოიწვია, რის გამოც გვიდოს სააბატოს დატოვება მოუხდა. მეორე ვერსიით კი, პომპოზას სააბატო თავისი მუსიკალური მიღწევებით იყო ცნობილი და გვიდოც სააბატოს წარმომადგენლების თხოვნით და მუსიკისადმი უფრო მეტი ყურადღების დათმობის პირადი სურვილით პომპოზაში გადავიდა.
პომპოზას სააბატოში გვიდო ბერებს საეკლესიო საგალობლების შესრულებას ასწავლიდა. საგალობლების სიმრავლიდან გამომდინარე მათი დამახსოვრება მანამდელ თუ იმჟამინდელ ევროპაში დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ცნობილია, რომ იმდროინდელ ევროპაში საგალობლების სრული „შესწავლის კურსი“ დაახლოებით ათი წელი გრძელდებოდა.
პომპოზას სააბატოში მოღვაწეობისას გვიდომ მუსიკაში რევოლუციურ გამოგონებას მოახდინა. მან ხმების ნოტებით (ლათინ. Nota -ნიშანი) ჩაწერა დაიწყო. გვიდო ნოტებს სანოტო დაფაზე დაშტრიხული კვადრატებით აღნიშნავდა, ამასთანავე, მან ოთხი პარალელური ხაზიც შემოიტანა. უფრო მაღალი ტონის ნოტი ამ პარალელურ ხაზებზე უფრო მაღლა გამოისახებოდა. ამჟამად ეს ხაზები ხუთია და ნოტებიც არა კვადრატების, არამედ შტილიანი და დროშებიანი თავთავებით აღინიშნება, მაგრამ გვიდოს შექმნილი პრინციპი უცვლელი დარჩა.
გვიდომ სანოტო სისტემის საფუძვლად წმინდა იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი კათოლიკური საგალობელი „Ut queant laxis“ გამოიყენა. მან აკროსტიქის პრინციპის თანახმად ამ საგალობლის სტროფების საწყისი ასოები აიღო და მათი საშუალებით ნოტები – ut, re, mi, fa, sol, la შექმნა. საინტერესოა, რომ ამ საგალობელში ყოველი სტროფი წინაზე უფრო მაღალ ტონში იმღერებოდა, შესაბამისად გვიდოს ჩანაფიქრიც ოპტიმალური იყო. საგალობელს „Ut queant laxis“ ერქვა და მისი ტექსტი შემდეგი გახლდათ:
UT queant laxis
RE sonare fibris
MI ra gestorum
FA muli tuorum
SOL ve polluti
LA bii reatum
Sancte Ioannes.
პირველი ნოტი UT მოგვიანებით DO–თი ჩაანაცვლეს, მიზეზი მისი მოუხერხებელი ჟღერადობა გახლდათ. ეს ცვლილება ვინმე ჯონ დონს მიეწერება, რომელმაც დაახლ. 1540 წელს ნოტს სახელი უზენაესის პატივსაცემად უწოდა (ლათინ. Dominus - ღმერთი, უფალი). მეშვიდე ნოტი შუა საუკუნეებში გაბატონებულ ექვსსაფეხურიან ხმათაწყობაში თავდაპირველად არ შედიოდა. მოგვიანებით, დაახლოებით 1574 წელს თანამედროვე ოქტავურ სისტემაზე გადასვლისას მუსიკის თეორეტიკოსებმა მეშვიდე ნოტს SI უწოდეს. ამ სახელის შერჩევისას გვიდო დ’არეცოს მიბაძეს და ზემოხსენებული წმინდა იოანეს საგალობელში არსებული ბოლო სტროფიდან წმინდანის ინიციალები SI (Sancte Ioannes) გამოიყენეს.
ნოტების ქართული შესატყვისები კი ასე გამოიყურება:
დო – DOMINUS – ღმერთი
რე – RERUM – მატერია
მი – MIRACULUM – სასწაული
ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა
სოლ – SOLIS – მზე
ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი
სი – SIDERAE – ზეცა
წყარო: kvira.ge
მთავარი ფოტო: musicnotes.com