"ლელოს" დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი, ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მისიტრის გადადგომას გამოეხმაურა.
ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ კოვიდის მართვის კუთხით არსებული ვითარების გამო ტიკარაძე უნდა გადაეყენებინათ და უნდა გადამდგარიყო მთლიანად სამთავრობო გუნდი.
„ჩვენ არასდროს მიგვაჩნდა და არ მიგვაჩნია, რომ ისეთ მძიმე გამოწვევასთან ბრძოლა, როგორიც არის პანდემია, არის ერთი კონკრეტული მინისტრის პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს ამ ბრძოლაში წარმმართველი, ლიდერულ პოზიციაზე, მაგრამ აქ არის მთელი სამთავრობო გუნდის პასუხისმგებლობა. მართალია ჯანდაცვის მინისტრი არის მთავარი ამ ბრძოლაში, მაგრამ მთელი სიავის ან პროგრესის მხოლოდ ერთ მინისტრზე დაკისრება არ იქნება სწორი, რადგან რა გამოდის, რომ მხოლოდ ტიკარაძემ შეიწირა 12000 ადამიანის სიცოცხლე და სად იყო ამ დროს სამთავრობო გუნდი? ამიტომ მხოლოდ ერთი მინისტრის გამოცვლით თუნდაც, უკეთესი კანდიდატის შემოთავაზებით მთავრობა ვერ ჩამოირეცხავს პასუხისმგებლობას იმ უმართაობისთვის, რასაც თავად კოვიდის მართვას უწოდებენ, მაგრამ შედეგი არის 12000 გარდაცვლილი ადამიანი“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მთავარი ფოტო: 2020news.ge