არაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ერთადერთი, რაზეც მკაფიო პოზიცია გვაქვს, არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი. ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელება ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.
,,დეტალებს ვერ დაგიკონკრეტებთ, რაზე იყო მსჯელობა. ყველაფერი არის ღია ამ თემაზე. ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ამ ეტაპზე, ყველა თემა არის ღია - ასეც შეიძლება და ისეც. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება, მათ შორის, პირველ რიგში ოპოზიციის ქმედებებზე. ყველა თემაზე ვიმსჯელებთ, ყველა თემა არის ღია. ღია იმას გულისხმობს, რომ არაფერზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, პირველ რიგში, კონსულტაციები გვჭირდება საპარლამენტო უმრავლესობასთან. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს შესაძლო დაბალი ბარიერი და ა.შ. ერთადეთი, რაზეც გვაქვს პოზიცია ჩამოყალიბებული, ეს არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი. „ქართულმა ოცნებამ“ ვირტუალური ბარიერი 43 პროცენტი გადავლახეთ და 47 პროცენტი ავიღეთ. ბუნებრივია, ამის შემდეგ 2024 წლამდე ყველანაირი თემა რიგგარეშე არჩევნებზე არის დახურული“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.