ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესოს და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივი ქმედებების შემთხვევაში "კბილები გამოაჩინოს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"უკრაინა იმიტომ კი არაა რუსეთის სამიზნე, რომ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ იმიტომ, რომ მისი მოსახლეობა მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს, ისინი ბედავენ, იყვნენ თავისუფალნი და სურთ თავად წყვეტდნენ საკუთარ ბედს. კრემლს არაფერი აშინებს ისე, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო მის საზღვრებთან.
ამ დროს როგორია ჩვენი რეაქცია? ზოგიერთი კვლავ გვთავაზობს, რომ "ნორდ სტრიმ 2" უნდა გაგრძელდეს. როგორც ერთმა რუსული იდეოლოგიის მქონე ადამიანმა ღიად განაცხადა, კრემლის ექსპორტის მთავარი პროდუქტი არა გაზი, ნავთობი ან შეიარაღება, არამედ ქაოსია. რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულების გაზრდით, ჩვენ ვღალატობთ ჩვენს მოკავშირეებს და საშიშროებას ვუქმნით ამ კონტინენტის მომავალს.
დროა, ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ კბილები გამოაჩინოს და მჩაგვრელებს მათთვის გასაგებ ენაზე ვესაუბროთ: მკაცრი სანქციების ენაზე.
რუსეთის სასჯელი უნდა იყოს უპრეცედენტო, თუ ის გაბედავს უკრაინის წინააღმდეგ მომდევნო ომის დაწყებას. გავთიშოთ რუსეთი მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან [SWIFT] გავანადგუროთ "ნორდ სტრიმ 2" და დავუწესოთ სანქციები პუტინსა და მის გარემოცვას.
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე, როცა კრემლი უკრაინის გაღიზიანებას ეცდება, უკრაინასთან პარტნიორობის გაძლიერებით ვაჩვენოთ რუსეთს, რომ ჩაგვრა კონტრპროდუქტიულია. ძვირფასო კოლეგებო, მოდით განვახორციელოთ ის, რასაც ვქადაგებთ და ვაჩვენოთ რუსეთს, რომ საერთაშორისო სამართლის სამყაროში ძალა არ ნიშნავს უფლებას. დავიცვათ უკრაინა!" – განაცხადა მან
ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში სამხედრო ძალის შეყვანას გეგმავს.
ფოტო: TV4.ge