ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ. ეს სიტყვები ორსული ცოლის ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც ბრალდებულმა თქვა, მას შემდეგ, რაც მან დანაშაული გაიაზრა, პოლიციაში თავად დარეკა.
,,როგორც კი გავაანალიზე რაც გავაკეთე, ეგრევე დავრეკე პოლიციაში და მოვიყვანე პოლიცია ჩემთან. ჩემი ბრალია, ცუდად ვარ“ _ განაცხადა გოგა გზირიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვარკეთილში ორსული მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გოგა გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.