უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტარი სახელმწიფო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი შემაშფოთებელია. ზარქუა კრამონს ურჩევს, არ შეშფოთდეს.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2018 წელს შექმნილი სამსახურია. არგუმენტები, რაც ახლა არის წარმოდგენილი, რომ ორ სამსახურად უნდა დაიყოს, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტური და ყველაზე ოპტიმალური სისტემაა, რასაც ახლა უმრავლესობა გვთავაზობს. მე რომ მოვიკითხე ამ თემასთან დაკავშირებით არასამთავრობოების პოზიცია, აღმოჩნდა, რომ ისინი 2018 წელს ზუსტად ამას ითხოვდნენ, რომ ორ სამსახურად ჩამოყალიბებულიყო იმიტომ, რომ ინტერესთა კონფლიქტი იყო ერთი მხრივ, მონაცემთა დაცვის და მეორე, საგამოძიებო ნაწილში. ასე, რომ დღეს სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი ამ ე.წ. არასამთავრობოების მხრიდან, თუმცა, ჩვენ ვიცით ეს რას ემსახურება. დღეს რომ გამოჰყავთ ქალბატონი ლონდა მთავარ მიღწევად, დამსახურებად და სიმდიდრედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არცერთს მხარი არ დაუჭერია, ხმა არ მიუცია, მაშინ როცა ირჩევდნენ, ამბობდნენ, რომ ის არის შს სამინისტროს კადრი და შეუძლებელია მან ადამიანის უფლებები დაიცვას. ეს არის ორმაგი სტანდარტი. მგონია, რომ დღეს სამსახურის ორად გაყოფა ემსახურება უფრო მეტად იმას, რომ მოქნილი სამსახური შეიქმნას.
სხვათა შორის, ქალბატონმა ლონდამ გაავრცელა ჭორი, სიცრუე იყო ის, რომ თითქოს თანამშრომლებს სახლში უშვებენ, 120-ვე თანამშრომელი სამსახურს შეინარჩუნებს, გადანაწილდებიან იმ ორ სამსახურში და უფრო უკეთესად მოემსახურებიან ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას" - განაცხადა ზარქუამ.
მთავარი ფოტო: imedinews.ge