კრისტიან დანიელსონის დღიური (დღე მეხუთე)
(დღიური გამოქვეყნდება ყოველდღე.19 სთ-ზე) გვიდოს ბლოგი
(დღე მეხუთე)
დღეს უფრო რთული დღე მაქვს. ჰარცელთან ადრე მივედი. კარლმა წინასწარ ამიხსნა რაღაცები. ოპოზიციას ბევრი ტელევიზია და გამომცემლობა აქვსო. ამიტომ ყველა პარტიას ეშინიაო. ერთი პატარა პარტია დავითანხმეთ მე და კელიმ პარლამენტში შესვლაზე და ისეთი ბულინგი მოუწყეს, გეგონებოდა ალქაიდაში შევიდაო. აქ ასეთი სიტუაციაა, ნაცებიდან ბევრს უნდა შესვლა, მაგრამ მიშას ვერ გაურბიანო, ბოკერია გაბრაზდა თვითონ რო ვერ შევიდა და არც სხვებს უშვებსო, ვაშაძეა და ყოველ დილით, სახლიდან რო გამოდის, თითქოს პარლამენტში მიდის, მაგრამ სახლთან თაკო ხვდება და ნათელაშვილის ოფისში მიყავსო, ხაზარაძე ამბობს, არ ვიცი პოლიტიკაო და ყველაფერზე ბოკერიას ეთანხმება. მოკლედ, პარლამენტში 54 კაცი რომ შევიდეს, ან საქართველოში არ მყოფი სააკაშვილი უნდა დაითანხმო, ან პარლამენტში არ არჩეული ბოკერია. ასეთი უცნაური ხალხია ოპოზიციაშიო. ეჭვის თვალით შევხედე. 54 კაცი ორ ადამიანს ემორჩილებოდეს, რა...სამხედრო შენაერთია? მაინც ვცდი. მოვიდნენ. კარებთან კელი იდგა. ყველას ტელეფონი ჩამოართვა. ალბათ ამათმაც შეფთან რომ არ დარეკონ ხო?- ვკითხე ჰარცელს. არა, შეფის გარეშე ისედაც არაფერს გადაწყვეტენ, უარესი, რასაც აქ ვიტყვით პრესკონფერეციამდე, პრესას რო არ მიაწოდონ ინფორმაციაო. ღმერთო მიშველე. დავიწყეთ. წარვადგინე ექვსპუნქტიანი გეგმა და დავამატე, რომ ამ პუნქტების ხელისუფლების მხრიდან შესრულებას ბატონი მიშელი და ევროკავშირი უზრუნველყოფს - თქო. დრო მივეცი რომ წაეკითხათ. ისე გულმოდგინედ კითხულობდნენ, იმედი მომეცა. ერთი ვინც უარი თქვა წაკითხვაზე, შალვა იყო. ამხელა ტექსტს რა წამაკითხებსო და გარეთ გავარდა. მერე გავიგე, გარეთ უთქვამს, ვადამდელზე არ იყო ლაპარაკი და პროტესტის ნიშნად, ვეთიშები მოლაპარაკებასო. არადა, რესტორანში მართალი კაცის სადღეგრძელო სკამზე დამდგარმა შესვა. კითხვის დამთავრების შემდეგ პარტიების ცალკე დაბარების დრო დადგა. პირველი გირჩი შევიყვანე. ტყუილად მაწვალებო. რაზეც გინდა ხელს მოვაწერო. იმედი მომეცა. უხერხულია, ასე უცებ მოვრჩეთ მოლაპარაკებას - თქო, ვუთხარი. კარგი, მაშინ რამე მომიყევი თქვენი ცხოვრებიდანო. მომეწონა, უშუალო ადამიანი ჩანდა. რა მოგიყვე - მეთქი და ჰოლანდიაში რომ იყავით სტუდენტობისასო |(საიდან იცოდა?!), როგორ ერთობოდითო... მეც არ დავზარდი. აი, ასეთი ქვეყანა მინდა საქართველო გავხადოო, თქვა და გავიდა. შემდეგ ვაშაძე შემოვიდა. კარგია ქალი რომ არ ახლავს. ალბათ ადვილად დავიყოლიებ შესვლაზე. კი, მინდა შესვლა და შევალ კიდეცო. ოღონდ მოვიფიქროთ რა ვთქვა, რატომ შევედიო. მე დამაბრალე - თქო, ვუთხარი. აგაშენა ღმერთმაო. გავიდა. შემდეგი მეორე გირჩი შემოვიდა. ვიფიქრე, აქაც იოლად გავალ და ჰოლანდიის ამბების მოყოლა დავიწყე. არაო, პუნქტებს მივყვეთო. გამიკვირდა. მივყევით. თითქოს ყველა მოეწონა. მოკლედ, თითქმის ყველა დავითანხმე, ბოკერიას გარდა. თუმცა ერთ ბოკერიას, ამდენი პარტია ადვილად ვაჯობებთ - გავიფიქრე და საერთო მაგიდასთან იმედიანად დავჯექი. საუბარი ბოკერიამ დაიწყო. მადლობაო, კარგი პუნქტებიაო, ქვეყანას რომ სჭირდება ზუსტად ისეთიო, მაგრამ ამ პუქტებს შემდეგი მთავრობა განახორციელებსო. ის მთავრობა, რომელსაც ხალხი ვადამდელი არჩევნებით აირჩევსო. მარტო დარჩენილი კაცის განწირული ღაღადია - გავიფიქრე. აკომ დაუჭირა მხარი. ველოდი, ისე ორჭოფულად ლაპარაკობდა ცალკე რომ ვიყავით. შემდეგ ხაზარაძემ ითხოვა სიტყვა. ჩემდა გასაოცრად, აკოზე უფრო რადიკალური იყო. მერე ვაშაძე გამოვიდა, წეღან რომ შეთანხმების ნიშნად ვისკი დავლიეთ, ის ვაშაძე და ყველა პუნქტის წინააღმდეგ მიდიოდა, შიგადაშიგ ბოკერიას გადახედავდა, ხომ კარგად ვთქვიო. მოკლედ, რომ მეგონა ყველა აჯობებდა ბოკერიას პრინციპულობას, პირიქით მოხდა, აქეთ გადაუბირებია ყველა. ის, საკაიფო გირჩელი აყვირდა უცებ, საერთოდ ვერაფერი გავიგე აქ რა ხდებაო. ჰარცელს და კელის გაეცინათ. ელჩად დანიშვნის დღიდან, ეგრე ვართ ჩვენო. გარეთ პრესა გველოდება. რა უნდა მექნა? ისევ საპირფარეშო მოვიმიზეზე. ხვალ ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთად შევკრებ. თუ ისევ არაფერი გამოვიდა, წავალ სახლში.
ფოტო: facebook