გიგა ჭიკაძე კელვინ კატარის წინააღმდეგ
დაახლოებით 7-8 საათში, 16 იანვარს გამთენიისას, ქართველი „MMA”-ს ,ებრძოლი, გიგა ჭიკაძე, „UFC”-ს მთავარ ივენთზე, ამერიკელ კელვინ კატარს დაუპირისპირდება და ზედიზედ მე-8 გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
ეს შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლაა რაც აქამდე გიგას ჩაუტარებია, რადგან უდიდესი ალბათობით, კატარის დამარცხების შემთხვევაში, ქართველი ნინძა საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს ვოლკანოვსკის წინააღმდეგ.
შეხვედრაზე და მის მნიშვნელობაზე თავად ჭიკაძემ ისაუბრა.
ასეთ ძლიერ მებრძოლს ჯერ არ შევხვედრილვარ, მან ერთი წელი დაისვენა და ახლა საუკეთესო ფორმაშია. ჩემი აზრით ის ხელების ძლიერი დარტყმებით შემომიტევს და შემდეგ შემოვა ფეხებში და ჩემს ძირს დაგდებას შეეცდება, თუმცა მე მის შეცდომას დაველოდები და შევეცდები ჩემი საყვარელი ილეთით დავამარცხო. ჩემი შეტევითი არსენალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მე მეტოქეს ვურტყამ, ის კი ძირს ეცემა. მე ჩემ გზას მივყვები ჩემპიონობისკენ, თუმცა ჯერ კატარი უნდა დავამარცხო, განაცხადა გიგა ჭიკაძემ.
ქართველი მებრძოლოს საჩემპიონო ბრძოლის შანსზე ისაუბრა „UFC”-ს ხელმძღვანელმა, დანა უაითმა.
ჭიკაძეს სურდა, რომ ვოლკანოვსკის და ჰოლოუეის ჩაშლილი ბრძოლის შემდეგ, სწორედ მას ჩაენაცლებინა ჰოლოუეი. თუმცა მან ჯერ კატართან უნდა იბრძოლოს და არ ვიცით ბრძოლას როგორი კონდიციით დაასრულებს, ან საერთოდ თუ გაიმარჯვებს. ამიტომ ამ ეტაპზე ვოლკანოვსკის, წონის მე-4 ნომერი, კორეელი ზომბი, ჩენ სონ ჯონი დაუპირისპირდება, გიგა კი თავის შანსს აუცილებლად მიიღებს, განაცხადა დანა უაითმა.
ამრიგად თუ გიგა ჭიკაძე, კელვინ კატარს დაამარცხებს, 99% ალბათობით, მისი მომდევნო შეხვედრა უკვე ქამრისთვის ბრძოლა იქნება.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ ბუკმეიკერები ქართველ ნინძას ფავორიტად მიიჩნევენ და მის გამარჯვებას 1.4 კოეფიციენტით აფასებენ. თავის მხრივ 3.0 აქვს კელვინ კატარის მოგებას.
დაველოდოთ, წინ გამორჩეული ბრძოლა გველის. წარმატებები ვუსურვოთ გიგა ჭიკაძეს.