შესაძლოა ნათელაშვილი პარლამენტში ვერ შევიდეს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, შალვა ნათელაშვილის მიერ გამოხატული სურვილის მიუხედავად, მას ამის შესაძლებლობა არ მიეცეს.
სარჯველაძის თქმით, ნათელაშვილი დაუპირისპირდა სამართალს და ეს იქნება მის მიმართ სამართლის მიერ გაცემული პასუხი.
„ნათელაშვილის შემთხვევაში კი მოვისმინეთ განცხადება, რომ მან სურვილი გამოთქვა, მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო სხდომებში, საპარლამენტო მუშაობაში, ვნახოთ რა გამოირკვევა თვითონ განხილვების პროცესში, სიმართლე გითხრათ, მე ამ შემთხვევაში, უფრო მეტად ფორმალური მხარისკენ ვიქნებოდი გადახრილი და ფორმალური თვალსაზრისით მივიღებდი გადაწყვეტილებას. მე დაველოდები იმას, რასაც გაარკვევს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამის მიხედვით ვიმსჯელებ ამ საკითხზე. გაცდენას სხვა ფაქტორებიც თუ დაემთხვევა, მაგალითად, შეიძლება ჰქონდეს რომელიმე ცალკეულ შემთხვევაში მომართვა გაკეთებული ან არ ჰქონდეს, იმ სხდომებთან დაკავშირებით საპატიო იქნება თუ არასაპატიო, ეს ყველაფერი, ბუნებრივია, რომ ანალიზს საჭიროებს და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას, მიუხედავად მისი სურვილისა. ეს არის ერთადერთი პოლიტიკოსი ოპოზიციაში, რომელიც, სამწუხაროდ, ზოგჯერ აკეთებს სწორ განცხადებებს, ოღონდ არარელევენტურ დროს და ამის გამო, ეს განცხადება ხდება არასწორი. სჯობს გვიან ... ეს პარადიგმა არ მოქმედებს ყოველთვის და არის მომენტი, როდესაც ხელიდან გაშვებულია შესაძლებლობა. ის რაც კანონმდებლობის განაწესია, იმის აღსრულებას უზრუნველვყოფთ ჩვენ. როდესაც ვამბობდით თავის დროზე, რომ მოქმედ სამართალს უნდა სცეს პატივი და არა უმრავლესობას და ოპოზიციას, ეს იყო ზუსტად, რასაც ვგულისხმობდით, ის დაუპირისპირდა სამართალს და სამართლის პასუხი ეს არის“ - განაცხადა სარჯველაძემ.
მთავარი ფოტო: ipress.ge