ამაზონის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა მისი ოცნების სისრულეში მოყვანა დაიწყო. მან დააფინანსა სტარტაპი, რომლის მიზანიც უკვდავების ტექნოლოგიის შექმნაა. დასახმარებლად კი მან მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების გუნდი შემოიკრიბა. მისმა სტარტაპმა Alto Labs-მა ფუნქციონირება უკვე ოფიციალურად დაიწყო.
პროექტს ახლახანს შეუერთდა ფარმაცევტული გიგანტის, GlaxoSmithKline-ის სამეცნიერო კვლევების ყოფილი ხელმძღვანელი, ჰალ ბარონი, რომელიც Alto Labs-ის აღმასრულებელი დირექტორია.
,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, სათავეში ჩავდგომოდი ამ უნიკალურ კომპანიას, რომელსაც ტრანსფორმაციული მისია აქვს - უკუსვლით წაიყვანოს დაავადება. ასეთი შესაძლებლობა ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეძლევა“ _ განაცხადა ჰალ ბარონმა.
მეცნიერთა გუნდს შეუერთდა 1012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინის დარგში სინია იამანაკა, რომელიც ღეროვანი უჯრედების კვლევაზე მუშაობდა, ასევე 2020 წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებული ჯენიფერ დაუდნა.
ბეზოსი არ არის ერთადერთი, ვინც ამ პროექტში ინვესტიცია ჩადო. ,,სიბერის დამარცხების“ იდეა რუსმა-ისრაელელმა მეწარმემ, იური მილნერმაც დააფინანსა. Alto Labs-მა ინვესტორებისგან 3 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.
აღნიშნულ პროექტში შეკრებილ მეცნიერთა მიზანია, მიაღწიონ ბიოლოგიურ რეპროგრამირებას. ისინი იმუშავებენ მეთოდზე, თუ როგორ გააახალგაზრდავონ მომწიფებული უჯრედები. მათი თეორიის თანახმად, უჯრედები შეძლებენ იმუშაონ სხეულის გაახალგაზრდავებაზე და, ასევე, თავად განკურნონ ასაკთან დაკავშირებული დაავადებები, მაგალითად, როგორიცაა, დემენცია.
თუ რამდენად შედეგისმომტანი იქნება მსოფლიო მილიარდერთა წამოწყება, ამას დრო გვიჩვენებს.