„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სამეგრელოსთან დაკავშირებით მის გეგმებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მთელი მისი ძალისხმევა და პროექტები სამეგრელოზე იქნება მიმართული, მათ შორის წალენჯიხაზე და იმ სოფლებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს.
„მთელი ჩემი ძალისხმევა იქნება სამეგრელოზე მიმართული, დავიწყებთ წალენჯიხიდან და ეს მარტო წალენჯიხას არ შეეხება, შეეხება სხვა რეგიონებს, მაგრამ მე მინდა ვაჩვენო წალენჯიხაში რისი გაკეთება არის შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს ხანში ანაკლიას გავაცოცხლებთ, ეს ისტორიული მოცემულობაა და აუცილებლად მოხდება ეს, თუ განვითარება გვიწერია, ეს არის ნომერ პირველი პროექტი და არ არის ლაპარაკი მხოლოდ ღრმაწყლოვან პორტზე, აქ არის ლაპარაკი ქალაქ ანაკლიის მშენებლობაზე, რომელიც ახალ სინერგიას შექმნის, გააძლიერებს სამეგრელოს. ამიტომ მთელი ჩემი ფიქრი და პროექტები, რაზეც ვმუშაობ, არის სამეგრელოზე მიმართული, მაგრამ პრიორიტეტები იქნება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონები და ეს უნდა გავრცელდეს მთელ იმ 58 სოფელზე საოკუპაციო ხაზთან, აქ უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა. ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა გვყავდეს, კერძო ბიზნესი და სახელმწიფო პროგრამა უნდა არსებობდეს, რომ ეს 58 სოფელი გააძლიეროს ეკონომიკურად, სოციალურად, განათლებით, იმ ხალხს უთხრას, რომ შენ არ ხარ მიტოვებული, იმიტომ, რომ შენ სხვანაირად უნდა იყო ძლიერი აქ, იმიტომ, რომ ხარ პირველი ადამიანი, რომელიც ამ ტერიტორიებს რომ დავიბრუნებთ და გავაერთიანებთ ქვეყანას, გადახვალ იქ, ამაზე დღეს არავინ არ ფიქრობს და თუ დიდ თემაზე და დიდ მიზანზე არ ფიქრობ, პატარას ვერასდროს ვერ მიაღწევ" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მთავარი ფოტო: forbes.ge