საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტო ავრცელებს. განისაზღვრა რეგისტრაციის ვადები და პირობები.
უწყების ცნობით, 2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლებში რეგისტრაციას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.
რეგისტრაციის I ეტაპზე, 2022 წლის 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.
II ეტაპზე რეგისტრაცია 2 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლებში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
ა) და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
III ეტაპი, საყოველთაო რეგისტრაცია, 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
IV ეტაპი, 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:
- მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).