მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ აქტუალური რჩება. ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ისევ ირწმუნებიან, რომ ციხის კლინიკაში ჩატარებული მკურნალობა უშედეგოა და მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით კი საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში ყველა იმ სამედიცინო დახმარებას იღებს, რაც მას ესაჭიროება.
პარტია ,,მოქალაქეების“ წარმომადგენელი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს და ამაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს სახელმწიფო. იგი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვერ უზრუნველყოფს, ეს ქვეყნის სირცხვილი იქნება.
ელისაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ შეიქმნება პარლამენტიდან წარმომადგენლების ჯგუფი იმ ადამიანების, ვინც სამედიცინო სფეროში ერკვევა, მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ და მის მდგომარეობას შეაფასებენ.
,,როდესაც ადამიანი ციხეშია და მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ვინც არ უნდა იყოს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს. თუ მას ნამდვილად აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანს საპატიმროში, უნდა გაეწიოს შესაბამისი დახმარება და ამაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს სახელმწიფო, რომელმაც ის გისოსებში ჩასვა. ის, რომ საქმე აქამდე მივიდა და ეს თემა დღეს გახდა განხილვის საგანი, ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობა. კარგი იქნება, თუ პარლამენტიდან წარმომადგენლები შევლენ და მოინახულებენ, მით უფრო ისინი, ვინც სამედიცინო სფეროში ერკვევა. კარგი იქნება, თუ დაკომპლექტდება ჯგუფი ისეთი ადამიანების, ვისაც სამედიცინო სფეროსთან შეხება აქვს, სადაც ყველა მხარის წარმომადგენელი იქნება და შევლენ და ბოლოსდაბოლოს გავიგებთ, რა სჭირს ამ ადამიანს. თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ეს იქნება სახელმწიფოს სირცხვილი, გამოდის, რომ სახელმწიფო არ ვყოფილვართ მაშინ.
მე, პირადად, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს სააკაშვილის მიმართ, ციხეში მყოფ ადამიანზე, რომელიც ავად არის, ცუდს არასდროს ვიფიქრებ. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სააკაშვილი იყოს ციხეში ჯანმრთელი" _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.