ელჩის გაწვევა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, საქართველო იმ ქვეყნების ოთხეულშია, რომლებიც უკრაინას გვერდით უდგას; ვისურვებდი, უკრაინის ელჩი მალე დაბრუნდეს, რადგან საქართველო არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პირველი არხის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარის ბრალდებები მიუღებელია, რადგან საბოლოო ჯამში ეს ქვეყნის მიმართ წაყენებული ბრალდებაა.
მისივე განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო უკრაინასთან ურთიერთობას მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეს.
,,IRI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და აშშ-ს შემდეგ, უკრაინელ ხალხ ყველაზე მეტად საქართველო დაეხმარა. ჩვენ მხარდაჭერა დავაფიქსირეთ უკრაინის მიმართ ყველა დონეზე, მათ შორის პოლიტიკურ დონეზეც, როდესაც საპარლამენტო დელეგაცია უკრანაში ჩავედით.
ჩემთვის უკრაინის მხარის ბრალდებები სრულიად მიუღებელია, რადგან საბოლოო ჯამში ეს არის ქვეყნის მიმართ წაყენებული ბრალდება და გამოდის, რომ საქართველო არის რუსეთის ,,უკანა ეზო“, როდესაც გეუბნებიან, რომ შენ სანქციებს არ უერთდები და ჩართული ხარ რაღაც შავ სქემებში, ამას უნდა მოაყოლონ მტკიცებულება. თუ ამის მტკიცებულება იქნება და დაგვარწმუნებენ, რომ ჩვენი ხელისუფლება მართლა არის ამაში გარეული, ამაზე საზოგადოებას ნამდვილად ექნება მკვეთრი რეაქციები.
საქართველოდან გაწვეულია უკრაინის ელჩი, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. საქართველო იმ ქვეყნების ოთხეულშია, რომელიც უკრაინას ყველაზე მეტად უდგას გვერდში და ამ დროს ელჩი ბელარუსში ჰყავთ, საიდანაც იბომბება უკრაინა და საქართველოდან ყავთ გაწვეული, ეს ჩემთვის სრულიად ალოგიკურია და ვისურვებდი, რომ ელჩი მალე დაბრუნდეს საქართველოში, ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას.
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უნდა ვეცადოთ, ზელენსკის მთავრობის წარმომადგენლების გამონათქვამებზე, სამართლიანი იქნება თუ უსამართლო, არ გვქონდეს მძაფრი რეაქციები, მათ მდგომარეობას უნდა გავუწიოთ ანგარიში და რაც მთავარია გავაგრძელოთ უკრაინელი ხალხის აქტიური დახმარება. ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ უკრაინასთან ურთიერობას რიტორიკის დონეზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მათი მხრიდან რაღაცეები შეიძლება გადაჭარბებული ან არასწორად ინტერპრეტირებული იყოს" _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.