პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის ინიციატივას არ უერთდება, რადგან მისი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა თავდებობის საფუძველზე მსჯავრდებულის გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოთხოვნას ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ეს სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი არ არის.
როგორც იოსელიანი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების შეთავაზება წინაპირობების გარეშე უნდა მიიღოს.
,,ჩვენ არ ვუერთდებით თავდებობის მოთხოვნას, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ამ მოთხოვნის სამართლებრივი ნაწილი და ამ მხრივ ეს სრულიად ამოვარდნილია ლოგიკიდან, რადგან თავდებობის საფუძველზე მსჯავრდებულის გათავისუფლებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ეს კანონში წერია და სხვაგვარი ინტერპრეტაცია ვერ ექნება. ამ მოთხოვნას პოლიტიკური დატვირთვა აქვს, შესაბამისად ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესის ნაწილი მე ვერ ვიქნები, ეს არის ,,ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი და სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი.
სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა მსჯავრდებულის ჯანმრთელობაზე, მან უნდა შესთავაზოს ყველა საჭირო მომსახურება, მაგრამ თავად მსჯავრდებული როგორ ეპყრობა საკუთარ ჯანმრთელობას, თუ მას ყველა სერვისი მიეწოდება და არ იყენებს, მაშინ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მსჯავრდებულზეა, მას ვერავინ აიძულებს ეს შეთავაზება მიიღოს თუ არა, ეს თავად უნდა გადაწყვიტოს, მთავარია, რომ მისთვის ეს იყოს ხელმისაწვდომი.
მე ვერ გამოვდგები მრჩევლად, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას, საკუთარი თვითდაზიანების ხარჯზე არ შევეცდებოდი, ჩემი პოლიტიკური ამოცანა შემესრულებინა. ვფიქრობ, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს ეს შეთავაზება, მოიწესრიგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდეგ დაკავდეს იმ პოლიტიკური საქმიანობით, რითიც არის დაკავებული, ვფიქრობ, არანაირი პოლიტიკური მიზანი თვითდაზიანების ფასად არ ღირს“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.