ექთნების დაბალი ანაზღაურება და სოციალურად დაუცველთა ქულების ბუნდოვანი სისტემა - ჯანდაცვის მინისტრის პასუხები ელისაშვილის კითხვებზე
დღეს საქართველოს პარლამენტში დეპუტატებმა ,,მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს. აზარაშვილმა სამინისტროს მიერ შესრულებულ და დაგეგმილ საქმიანობაზე, გატარებულ ღონისძიებებზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მინისტრმა ცალკეული დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის კითხვა სამედიცინო დაწესებულებებში ექთნების დაბალ ანაზღაურებას შეეხებოდა, რაზეც მინისტრის პასუხი იყო, რომ სახელმწიფო კლინიკებში ხელფასის ოდენობას სამინისტრო უახლოეს მომავალში სამართლიან მინიმუმამდე აიყვანს.
,,სამედიცინო სფეროში ექთნების დეფიციტია, მაშინ, როცა ამ სფეროს ერთ-ერთი ფუნდამენტი სწორედ ეს ხალხია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათი ანაზღაურება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კლინიკებში, ძალიან დაბალია. მაღალმთიან რეგიონებში, საიდანაც ბევრი გვიკავშირდება, 200 და 300 ლარი აქვთ და არანორმალურ შრომას ეწევიან. გასაგებია, რომ სამინისტროს ვერ ექნება გავლენა კერძო კლინიკებზე, ტარიფებს ვერ დაუწესებს, მაგრამ ხომ შეიძლება, სახელმწიფო კლინიკებში მაინც მათ ჰქონდეთ ადამიანური და ღირსეული ანაზღაურება, მაშინ, როცა დღეს და ღამეს ათენებენ, მით უფრო პანდემიის დროს. მაინტერესებს, რას აპირებთ ამ მიმართულებით და რისი გაკეთებაა შესაძლებელი?“ _ მიმართა მინისტრს ელისაშვილმა, რაზეც აზარაშვილმა უპასუხა:
,,დაწყებული გვაქვს პროექტი სახელმწიფო კლინიკებში ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით და ჩვენ ამ ოდენობებას ავიყვანთ იმ სამართლიან მინიმალურ ოდენობამდე, რაც სამაგალითო იქნება კერძო კლინიკებისთვისაც და მათი სახელფასო განაკვეთიც სახელმწიფო კლინიკების განაკვეთის მიხედვით იქნება განსაზღვრული, სხვა შემთხვევაში მოხდება კერძო კლინიკებიდან თანამშრომლების გადმოსვლა ჩვენთან და ეს კერძო კლინიკებს არაკონკურენტუნარიანს გახდის“ _ აღნიშნა მინიატრმა.
ალეკო ელისაშვილმა მინისტრს ასევე სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. მისი თქმით, სოციალური შემწეობის განმსაზღვრელი ქულების სისტემა საკმაოდ ბუნდოვანია და მოქალაქეებს ხშირად კომუნალურების გადახდის გამო უხსნიან სოციალურ დახმარებას, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ჯგუფი მუშაობს და შესაბამისი გადაწყვეტილება მომდევნო ორ-სამ თვეში იქნება მიღებული.
,,უამრავი ადამიანი გვიკავშირდება როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, რომლებიც ამბობენ, რომ მხოლოდ იმის გამო შეუჩერეს სოციალური დახმარება, რომ კომუნალურები გადაიხადეს, სადაც უმეტეს შემთხვევაში მიზერულ თანხაზეა საუბარი. რატომ არის ასეთი ბუნდოვანი და გაურკვეველი ამ ქულების სისტემა და აპირებთ თუ არა უფრო მკაფიო და გასაგები გახდეს ეს ყველაფერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ კომუნალურები გადაიხადა, ამის გამო არ ამოიღონ ამ სიიდან?“ _ იკითხა ელისაშვილმა.
,,სოციალურად დაუცველების ქულები კიდევ უფრო სამართლიანი და დღევანდელ რეალობასთან მორგებული რომ იყოს, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ და მუშაობს სპეციალური ჯგუფი და ვფიქრობ, რომ მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში გვექნება კონკრეტული შედეგი“ _ განაცხადა მინისტრმა.