კოვიდით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში და სააფთიაქო ნარკომანია - რა პასუხი აქვს ჯანდაცვის მინისტრს ლევან იოსელიანის კითხვებზე
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესრულებულ და დაგეგმილ საქმიანობაზე, გატარებულ ღონისძიებებზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც დეპუტატებმა ,,მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.
ჯანდაცვის მინისტრთან პარტია ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის კითხვა პანდემიის დროს გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს შეეხებოდა. მისი თქმით, საქართველო ამ მხრივ გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლით რეგიონში პირველ, მსოფლიოში კი მეხუთე ადგილზეა. მინისტრმა ეს ფაქტი ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლითა და სიკვდილიანობის აღრიცხვის ტექნიკური პრობლემით ახსნა.
,,ბოლო მონაცემებით, 16 811 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ეს ციფრი არის რეგიონში ყველაზე მაღალი, მსოფლიოში კი მეხუთე ადგილზე ვართ. მახსოვს, თქვენმა წინამორბედმა თქვა, რომ პრობლემები იყო ავადმყოფების მოვლასთან დაკავშირებით და ეს ფატალური შედეგები ამისგანაც იყო გამოწვეული. რას აკეთებს სამინისტრო იმისთვის, რომ დადგინდეს, თუ რამ გამოიწვია ასეთი მაღალი სიკვდილიანობა? არის თუ არა ვინმე მიცემული პასუხისგებაში? ან ზოგადად, რა დასკვნები გამოიტანეთ კოვიდიდან და რატომ აღმოვჩნდით რეგიონში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით პირველ ადგილზე?“ _ იკითხა ლევან იოსელიანმა, რაზეც მინისტრის პასუხი იყო:
,,სამწუხაროდ, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მიზეზი არის ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის დაახლოებით მოსახლეობის 35%. ასევე ეს დაკავშირებულია კოვიდით გარდაცვალების ტექნიკურად აღრიცხვის პრობლემასთან, ზოგიერთ შემთხვევაში ხდებოდა გარდაცვალება, მაგრამ პირველადი მიზეზი არ იყო კოვიდი. ამ ორი პრობლემის არ ქონის შემთხვევაში, ჩემი ვარაუდით ვიქნებოდით საკმაოდ ქვევით, დაახლოებით30-40 ქვეყანაში და ეს იქნებოდა ნორმალური მაჩვენებელი“ _ აღნიშნა აზარაშვილმა.
ლევან იოსელიანი ასევე შეეხო ფსიქოტროპულ მედიკამენტებს და აღნიშნა, რომ რეგიონებში რეცეპტის გარეშე ხდება აღნიშნული წამლების გაცემა აფთიაქებში, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ სამინისტრო ამზადებს პროექტს, რომელიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კონტროლს გაამკაცრებს.
,,სააფთიაქო ნარკომანია კვლავ პრობლემად რჩება. თბილისში შეიძლება ეს ასე არ იგრძნობა, მაგრამ რეგიონებში დღესაც ნამდვილად შესაძლებელია ფსიქოტროპული წამლების შეძენა, მათ შორის არასრულწლოვნებისთვისაც. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მაგალითად ზუგდიდში დღესაც არის აფთიაქები, სადაც რეცეპტის გარეშე ასეთი წამლების შეძენაა შესაძლებელი კანონდარღვევით და რას აკეთებს სამინისტრო, რომ ეს სააფთიაქო ნარკომანია აღმოიფხვრას და დასრულდეს ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში?“ _ მიმართა მინისტრს იოსელიანმა.
,,გვაქვს ფსიქოტროპულების გამკაცრების პროექტი, რომლის პირველი ეტაპი არის ფსიქოტროპულების სავალდებულოდ გამოწერა ელექტრონული რეცეპტების ბაზაში, რომ ვიცოდეთ, ვინ რას წერს, ვინ არის ბენეფიციარი. შემდეგი ეტაპია ამ მედიკამენტების სრული მოძრაობის გაკონტროლება ქვეყანაში შემოსვლიდან საბოლოო ბენეფიციარამდე, გაყიდვამდე, და კიდევ სხვა მრავალი ეტაპი, რითიც ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ამ ბაზას და მოვახდენთ ამის პრევენციას“ _ აღნიშნა მინისტრმა.
ხოლო რაც შეეხება იოსელიანის კითხვას, გეგმავს თუ არა სამინისტრო, დააფინანსოს ყველა კატეგორიის ონკოლოგიური პაციენტი, აზარაშვილმა უპასუხა, რომ დაფინანსება განისაზღვრება პაციენტის შემოსავლით და არ ფინანსდება მხოლოდ დიაგნოსტიკა, რომლის ჩართვაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახლო მომავალში იგეგმება.
,,ონკოლოგიური დაავადებების სახელმწიფო პროგრამა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ არის ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, ეს პროგრამა აფინანსებს გარკვეული კატეგორიის ადამიანებს. თუ იგეგმება, რომ ეს ვერაგი დაავადება, რომლის მკურნალობაც ძალიან ძვირი ჯდება, დაფინანსდეს სახელმწიფოს მხრიდან ყველა კატეგორიის ადამიანისთვის? ამ მიმართულებით თუ აპირებთ რაიმე ნაბიჯების გადადგმას?“ _ იკითხა იოსელიანმა, რაზეც მინისტრმა უპასუხა:
,,საყოველთაო ჯანდაცვაში 40 000 ლარზე ზევით შემოსავლის მქონე პირებში ნაკლები დაფინანსებაა და იქით უკვე შეიძლება რეფერალური დაფინანსება, დანარჩენ შემთხვევაში ონკოლოგიას ვაფინანსებთ. ონკოლოგიის დიაგნოსტიკის ნაწილში არ ვაფინანსებთ და უკვე ამის განხილვაც ხდება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩავრთოთ“ _ აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.