მსფლიოს 12-ზე მეტ ქვეყანაში ინფექციური დაავადების, მაიმუნის ყვავილის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებმა დაადასტურეს შემთხვევები დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, იტალიასა და შვედეთში, ასევე აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.

რა არის მაიმუნის ყვავილი და არსებობს თუ არა შეშფოთების საფუძველი?
ვირუსი ვრცელდება როგორც მაიმუნისგან, ისე დაინფიცირებული ადამიანისგან. გამონაყარი თავდაპირველად ჩნდება სახეზე, ხოლო შემდეგ სხეულის სხვა ნაწილებზე. დამახასიათებელია მწვავე ქავილი და კანზე შესაძლოა გამოიწვიოს ნაწიბურები. ეს არის იშვიათი ვირუსული ინფექცია, რომლისგანაც ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში იკურნება. ვირუსი ადვილად არ ვრცელდება ადამიანებს შორის და ფართო საზოგადოებისთვის რისკი ძალიან დაბალია.
მაიმუნის ყვავილი ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის შორეულ ნაწილებშია გავრცელებული. თუმცა, დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. შემთხვევა უკავშირდება ნიგერიაში მოგზაურობას, სადაც სავარაუდოდ პაციენტი დაინფიცირდა. ამჟამად დიდ ბრიტანეთში 20 დადასტურებული შემთხვევაა.
ჯანმოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლოდროინდელი ეპიდემიები "ატიპიურია, რადგან ისინი არა-ენდემურ ქვეყნებში ხდება". თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რატომ ხდება ახლა ეს უჩვეულო აფეთქება.

მაიმუნის ყვავილი ძალიან გავს ჩუტყვავილას, მისი სპეციფიკური ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ ჩუტყვავილას ვაქცინა უზრუნველყოფს მისგან 85%-იან დაცვას.
შემთხვევების მზარდმა რაოდენობამ გამოიწვია ქვეყნების მიერ ჩუტყვავილას ვაქცინის დიდი რაოდენობით მარაგების შეძენა. მაგალითად, გაერთიანებულმა სამეფომ და ესპანეთმა უკვე განაცხადეს, რომ ვაქცინები მოიმარაგეს.
