,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიები აღარ დაუკარგავს. ამ განცხადებით იგი გამოეხმაურა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია. როგორც კობახიძე ამბობს, 10 წელია ივანიშვილს რუსეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
მისივე თქმით, 2012 წლამდე რუსეთს საქართველოში მუდმივი პროგრესი ჰქონდა, 2012 წლის შემდეგ კი ეს პროგრესი შეწყდა.
,,ზუსტად ამ პოლიტიკურმა ძალამ, „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთს ტერიტორიების 20%. მანამდე, 2005 წელს საზღვრები აღადგინა სამხრეთ ოსეთის. ფაქტია, რომ შემოხაზეს ხელახლა სამხრეთ ოსეთის ოლქის საზღვრები, რომელიც იყო გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაუქმებული, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ ჩაატარა ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები, ზემო აფხაზეთი დაარქვეს კოდორის ხეობას და ა.შ. წლები ამზადებდნენ საფუძველს, რომ რუსეთს წაეღო საქართველოს ტერიტორიების 20% და გაატანეს ეს 20% რუსეთის ფედერაციას. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მან დააფუძნა 2012 წელს, როდესაც გაისტუმრა კრიმინალური რეჟიმი, მას შემდეგ ჩვენ აღარ დაგვიკარგავს ტერიტორიები. მანამდე რუსეთს ჰქონდა მუდმივი პროგრესი საქართველოში და ჩვენი ხელისუფლების დროს ეს პროგრესი შეწყდა“ _ განაცხადა კობახიძემ.