,,მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას სთავაზობს გეგმას, თუ როგორ ჩაანაცვლონ საბჭოური იარაღი დასავლური და ნატოს სტანდარტების შესაბამისი იარაღით.
,,ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციაში თუ არის ვინმე ისეთი, ვინც მეტყვის, რით შეიძლება უკრაინას დავეხმაროთ, კარგი იქნება და მზად ვარ ვიდებატო ამ საკითხზეო. მე მზად ვარ ბატონო ირაკლი ამ საკითხზე გედებატოთ. ვინაიდან ჩვენ მზად ვართ და მიმაჩნია, რომ ხელიდან ვუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები გახდეს უფრო ძლიერი უკრაინის დახმარებით. აი როგორ, ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერების 10 წლიანი გეგმა გვაქვს შემუშავებული და იქ გაწერილი გვაქვს, როგორ უნდა მოხდეს ამ 10 წლის მანძილზე ჩვენს შეიარაღებაში არსებული ძირითადად საბჭოური წარმოშობის იარაღის ჩანაცვლება დასავლური და ნატოს სტანდარტების შესაბამისი იარაღით. ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავაკეთოთ იგივე, რასაც აკეთებს პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი. ერთი მხრივ, დავეხმაროთ ბრძოლაში ჩართულ ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ მოკავშირე უკრაინას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და გავაძლიეროთ და მეორე მხრივ, მოვახდინოთ ჩვენი ეფექტური გადაიარაღება. პოლონეთი აწვდის საბჭოურ იარაღს უკრაინას, რომელიც ასე ნაცნობია მათთვის, სანაცვლოდ, აშშ-სგან, ბრიტანეთისგან, გერმანიისგან იღებს ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების შეიარაღებას, ტანკები იქნება ეს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო თუ ა.შ. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, მოვიშოროთ ეს საბჭოური ჯართი და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში, მით უფრო, რომ ლენდ ლიზმა ამის შესაძლებლობა მოგვცა. გარდა ამისა, არაჩვეულებრივ ჩაფხუტებსა და ჯავშანჟილეტებს აწარმოებს ჩვენი საწარმო, რომელიც შეგვიძლია გავუგზავნოთ, დიდგორები, სხვადასხვა ტიპის და მოდიფიკაციის, კავშირგაბმულობის მანქანები და ა.შ. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლებისგან სურვილს ვერ ვხედავ, რომ რამით დავეხმაროთ უკრაინას.
მე მზად ვარ ამაზე გედებატოთ, არა რამდენიმე წუთიანი გამოსვლის დროს, არამედ ისეთ ფორმატში, როგორ ფორმატსაც ისურვებთ“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.