რადგან ოპოზიციის მიმართ წამოვიდა ბრალდებები, რომ თურმე ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც არ უნდა, კანდიდატის სტატუსი მიიღოს ამ ქვეყანამ, ჩვენ მოვამზადეთ საერთო ოპოზიციური წერილი ევროკავშირის ხელმძღვანელობის სახელზე. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა ლევან იოსეოიანმა განაცხადა.
,,რადგან ოპოზიციის მიმართ წამოვიდა ბრალდებები, რომ თურმე ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც არ უნდა, კანდიდატის სტატუსი მიიღოს ამ ქვეყანამ, ეს ჩემთვის პერსონალურად შეურაცხმყოფელია. თუ ასეთი ბრალდებები არსებობს, მაშინ უნდა ითქვას, თუ ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ეს არ სურს. ჩვენ მოვამზადეთ საერთო ოპოზიციური წერილი ევროკავშირის ხელმძღვანელობის სახელზე, სადაც ჩემი კოლეგები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ დავუდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამ ქვეყნის უალტერნატივო არჩევანი. რამე კითხვის ნიშანი რომ არ არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში არის თუ არა ვინმე, ვისთვისაც ეს სტატუსი არ არის მნიშვნელოვანი, ან ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა რამ, ჩვენ ვაპირებთ გავავრცელოთ ტექსტი, რომელზეც საბოლოო შეთანხმებას ცოტა ხანში მივაღწევთ და ხელს მოვაწერთ, ეს ტექსტი გადაეცემა მედიასაც. მინდა ყველამ იცოდეს, როგორი განსხვავებული აზრიც არ უნდა გვქონდეს მმართველი პარტიისგან, არის საკითხები, რაც ყველაფერზე მაღლა დგას და ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამაში მე და ჩემი კოლეგები ვართ ერთიანი და ამ ერთიანობას დოკუმენტზე ხელის მოწერით დავადასტურებთ“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.