,,რუსებმა ისარგებლეს არეულობით და მოახდინეს საქართველოს ანექსია, ამ ანექსიას გეორგიევსკის ტრაქტატთან და ერეკლესთან საერთო არაფერი აქვს" _ ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ერეკლე მეორის მოღალატედ გამოცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. იგი ვიდეო მიმართვაში დეტალურად განმარტავს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატსა და რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიას ერთმანეთთან საერთო არ აქვს.
ელისაშვილის თქმით, ისტორიული პერსონაჟებისთვის იარლიყების მიკერება, რაც ფაქტების არ ცოდნით არის გამოწვეული, მისთვის მიუღებელია.
,,ვერ ვიტყვი, რომ ისტორიკოსი ვარ, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ისტორიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მეტნაკლებად ვერკვევი ისტორიაში, მიყვარს ძალიან საქართველოს ისტორია. ჩვენი საზოგადოების პრობლემა ყოველთვის იყო, რომ ჩვენ არ ვიცით კარგად საქართველოს ისტორია, ვიცით რაღაც სუფრაზე გაგონილი ამბებით ან ლიტერატურული რომანებიდან, სადაც ხშირად ავტორების მიერ ფანტაზიებია გამოყენებული ისტორიულ პერსონაჟებთან მიმართებაში და ეს ისტორიულ ფაქტად ვერანაირად ვერ ჩაითვლება, და ასევე ვიცით სკოლაში დაზეპირებული თარიღები, რა კონტექსტი იყო, რა უსწრებდა წინ ამა თუ იმ ფაქტს, ან როგორ შეიცვალა შემდეგ ვითარება, ამაზე არ ვმსჯელობდით, ისტორიული პროცესის გააზრებას არ გვასწავლიდნენ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კრიტიკული გააზრება. მივესალმები, როცა ისტორიულ პერსონაჟებს ვუყურებთ კრიტიკულად, ეს არის სწორი. არც იმის საწინააღმდეგო მაქვს რაიმე, რომ ერეკლე მეფეს შევხედოთ კრიტიკულად, პირიქით, მივესალმები. მაგრამ მიუღებელია უვიცობისგან იარლიყების მიკერება და იმის თქმა, რომ სანამ ერეკლეს მოღალატედ არ გამოვაცხადებთ, მანამდე არაფერი გვეშველება. ეს არის უვიცობა ჩემთვის, ეს არის საქართველოს ძალიან ღვაწლმოსილი და თავდადებული მეფის შეურაცხყოფა და მეტი არაფერი.
ერთი მხრივ, არიან პრორუსები, რომლებიც თვლიან, რომ ერეკლე მეფემ რუსეთს ჩააბარა საქართველო და ამის გამო ძალიან უყვართ ერეკლე მეფე. და მეორე მხრივ, არიან ე.წ. ლიბერალები, რომლებიც მოღალატედ წარმოაჩენენ მას, რომ ერეკლე მეფემ გეორგიევსკის ტრაქტატის წყალობით თითქოს რუსეთს ჩააბარა საქართველო.
გეორგიევსკის ტრაქტატში არსად არ წერია, რომ ქართლ-კახეთის სამეფო უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. იქ წერია, რომ რუსეთი არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, ქართლ-კახეთის სამეფო დინასტია თავად გადაწყვეტს, ვინ იქნება მომდევნო მეფე, თვითონ აკრეფს გადასახადებს ქვეყნის ტერიტორიაზე, თვითონ განახორციელებს მართლმსაჯულებას, თუმცა, საგარეო პოლიტიკის კოორდინირება რუსეთთან მოხდება, ისიც უახლოეს სამეზობლოში. იქ არსად წერია, რომ ერეკლეს სიცოცხლეში ან მის შემდეგ რუსეთმა საქართველო უნდა დაიპყროს.
როგორ და როდის მოხდა ქართლ-კახეთის გარუსეთება? 1783წელს, როცა გეორგიევსკის ტრაქტატი გაფორმდა? არა, ეს მოხდა 1801 წელს. როცა ერეკლე კრწანისში დამარცხდა და რუსებმა ტრადიციულად დაარღვიეს პირობა, გვაქციეს ზურგი. ერეკლეს შემდეგ მისი შვილის გიორგი მეფობდა 2 წელი და ის განაგებდა დამოუკიდებლად ქართლის და კახეთის სამეფოს. 1801 წელს რუსულმა ჯარმა დაიბარა თავად-აზნაურობა სიონის ეკლესიაში, რომელიც განაიარაღეს და ისე შეიყვანეს, შემოარტყეს ალყა და წაიკითხეს პავლე პირველის მანიფესტი, სადაც ეწერა, რომ ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის შემადგენელი ნაწილი გახდება. თავად-აზნაურებმა ვერაფერი ვეღარ ქნეს. რუსებმა ისარგებლეს იმით, რომ გიორგი მეთორმეტის შემდეგ ქართლ-კახეთი ვერ ჩამოყალიბდა, ვინ იქნებოდა მომდევნო მეფე, დიდი არეულობა იყო და ამ არეულობით ისარგებლეს, ჩაატარეს სამხედრო ოპერაცია და ალყაშემორტყმულ ქართველებს გამოუცხადეს, რომ სამეფო გაუქმდა. ამ ანექსიას არაფერი საერთო გეორგიევსკის ტრაქტატთან და ერეკლესთან არ ქონია, იქ არაფერი მსგავსი არ ეწერა. ამას, რა თქმა უნდა, ერეკლეს დროს ვერ გაბედავდნენ, ვერც გიორგის დროს გაბედეს, მაგრამ არეულობის დროს ისარგებლეს და საქართველოს ნახევარს თავისუფლება წაართვეს“.