,,მოქალაქეების“ წარმომადგენელი ქეთი თურაზაშვილი ბოლო დროს ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება. იგი მშობლებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს და მიმართავს მეტი ინფორმაცია მიწოდონ შვილებს, რათა ისინი ძალადობისგან დაიცვან.
,,ბევრი დაიწერა და ითქვა კიდეც, მაგრამ როგორ ჩანს არ არის საკმარისი... უფრო ბევრი უნდა ვისაუბროთ...
ყველას, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს იმაზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება... სამწუხაროდ, დიდია შეცდომების ჩამონათვალი, რომელსაც ეს წარმოუდგენელად შემზარავი შედეგი მოყვება - ქალების მკვლელობა...
დედებო, აჩვენეთ თქვენ გოგოებს მაგალითი, რომ არ ეგუებით ძალადობაში ცხოვრებას და ტოვებთ მოძალადე პარტნიორს.. აუხსენით, რომ ტოქსიკურ გარემოში ცხოვრება, ყველა შემთხვევაში ცუდ შედეგამდე მიიყვანს. დაუდექით გვერდით - მიეცით განათლება, არ დატოვოთ მოძალადე ქმართან. გაყავით ქონება თანაბრად - არ დაუტოვოთ სახლი მხოლოდ ბიჭ შვილებს, არ დაუშალოთ სწავლა, პირიქით მიეცით განათლება, რომ მყარად დადგნენ ფეხზე თქვენი გოგოები... აუხსენით და აჩვენეთ, რომ ქალი და კაცი თანასწორია...
მამებო, აჩვენეთ მაგალითი თქვენ გოგოებს, როგორია ჯანსაღი ოჯახური გარემო. ასწავლეთ, რომ ნებისმიერი ფორმით ძალადობა მიუღებელია და არ უნდა ითმინონ, დაპირდით, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, მათ გვერდით დადგებით!
მშობლებო, ნუ დაღუპავთ შვილებს ,,ნათესავი და მეზობელი რას იტყვის" შიშით..
მეზობლებო, იმოქმედეთ, თუ თქვენს გვერდით ვინმეს ჩაგრავენ..
მეგობრებო, დაუდექით გვერდით, რითაც შეგეძლებათ...
თქვენ, თქვენი სწორი მიდგომით, შეიძლება სიცოცხლეც კი იხსნათ!“ _ წერს ქეთი თურაზაშვილი.