ამ ქვეყნის ქონების 90% არის სახელმწიფოს ხელში, მხოლოდ 10%-ია ადამიანების საკუთრება, და ვართ ღატაკები, შესაბამისად ვართ ანტიევროპელები. ამის შესახებ ,,გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკური დებატებისას განაცხადა. იგი მიიჩნევს, რომ ქონების მოსახლეობაზე თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში ქვეყანაში სიღატაკე დაძლეული იქნება.
,,ის, რომ ჩვენ ღატაკი ქვეყანა ვართ, ყველაზე მეტად გვაშორებს ევროპას, რადგან, ევროპას რაც არ ახასიათებს, არის სიღატაკე, რაც ჩვენ გვახასიათებს. სიღატაკის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ მე ერთ მარტივ მიზეზს გეტყვით. ამ ქვეყნის ქონების 90% არის სახელმწიფოს ხელში, მხოლოდ 10%-ია ადამიანების საკუთრება, შეიძლება უფრო ნაკლებიც, და ვართ ღატაკები, შესაბამისად ვართ ანტიევროპელები, ძალით ვიღატაკებთ თავს. ჩვენ რომ გადავწყვიტოთ, რომ ეს ქონება თანაბრად გადავანაწილოთ ჩვენს მოსახლეობაზე, არ ვიქნებით ღატაკები და საერთოდ ახალი შესაძლებლობა გაჩნდება ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის" _ განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იგი ნარკოპოლიტიკის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პატიმრების მესამედზე მეტი ამ ნიშნით არიან გასამართლებული, რის ხარჯზეც საქართველო პატიმართა რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ევროპაში.
,,ჩვენი პატიმრების მესამედზე მეტი გვყავს დაპატიმრებული ისე, რომ არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, შეიძლება მაქსიმუმ საკუთარ თავს დაუშავეს. ამის ხარჯზე ჩვენ პატიმართა რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ ევროპაში და სრულიად გაუგებრად ვიქცევით ანტიევროპულად.
პატიმართა რაოდენობას შევეხე და 2012 წელს განსხვავებული სასამართლო გვქონდა? ხო ზუსტად იგივე ხალხი იყო, იგივე მოსამართლეები იყვნენ, იგივე კანონმდებლობა იყო. მაშინ თუ იყო აუცილებელი დიდი ამნისტია, დღეს რატომ არ ვსაუბრობთ ამაზე? მაშინ, როცა კონკრეტულ პირზე მორგებულ ამნისტიას ვღებულობთ და არა დიდ ამნისტიას?“ _ განაცხადა იაგო ხვიჩიამ.