ყველას გვმართებს, რომ ჩვენს ჭუჭრუტანებს მოვეშვათ, პარტიულს, პირადს. ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
,,საქართველოს გავარვარებული მტრების გარდა, პუტინის, ლავროვის და რუსეთის ტელევიზიებზე შხამიანი პროპაგანდისტების გარდა, არ ვიცი სხვას კიდევ ვის არ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მიღებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგას კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცივილიზებური და ყველაზე ადამიანური კონფედერაციის და სახელმწიფოთა გაერთიანებისკენ.
როცა სკოლაში ვისწავლე მუხრან მაჭავარიანის ლექსი იმის შესახებ, თუ როგორ ჩავიდა სულხან-საბა ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან, როგორ ალოდინეს, მეთხუთმეტე კაცად მიიღეს და როგორ წამოვიდა ხელმოცარული, ძალიან დავითრგუნე. როგორი შორი იყო მაშინ ჩვენთვის ევროპა. და ახლა, ამ ლექსზე გაზრდილი ხალხი ვხედავთ, რომ ამ ოცნების ასრულებასთან ძალიან ახლოს ვართ. ახლა ყველას გვმართებს, რომ ჩვენს ჭუჭრუტანებს მოვეშვათ, პარტიულს, პირადს. მოვისმინე, იმ კაცმა, რომელსაც თავი ჭკვიან კაცად მოაქვს, თქვა, რომ არაფრით არ შეიძლება საქართველომ ეს სტატუსი მიიღოსო, რადგან ეს ხელისუფლებას გააძლიერებსო. ასეთი ანტისახელმწიფოებრივი რამ, სიმართლე გითხრათ, არ მომისმენია.
ყველამ უნდა მოვინდომოთ, ვალდებულები ვართ, როგორც ჩვენი წინაპრების თავგანწირვის გამო, ასევე ჩვენი შვილების მომავლის გამო, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ. აქ პირველ რიგში, ,,ქართული ოცნების“ უზარმაზარი პასუხისმგებლობაა“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.