ევროკავშირის საელჩომ საერთო ოპოზიციური წერილი ჩაიბარა
ევროკავშირის საელჩომ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაგზავნილი წერილის მიღება დაადასტურა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების სახელზე საერთო ოპოზიციური წერილის გაგზავნა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის კოორდინირებით მოხდა.
აღნიშნული წერილით ოპოზიცია ადასტურებს მზადყოფნას, რომ მონაწილეობას მიიღებს ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ყველაფერს გააკეთებს, რაც საქართველოს ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის საჭირო.
წერილზე ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის, ფრაქციისა და დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერაა. ხოლო მთავარი ადრესატები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელი არიან.
წერილის შინაარსი საზოგადოებისთვის და პრესისთვის უკვე ცნობილია. ის ლევან იოსელიანმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საჯაროდ წაიკითხა. წერილის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:
,,ბატონ შარლ მიშელს,
ქალბატონ ურსოლა ფონ დერ ლაიენს
ქალბატონ რობერტა მეცოლას
ბატონ ჯოზეფ ბორელს
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არის ჩვენი ხალხის ისტორიული და კულტურული არჩევანი. ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის შესაძლებლობა, ქვეყანაში დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედია თავისუფლება, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციტივით შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, მოყვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისთვის, რაც ისტორიული მიღწევა იყო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გააჩინა ჩვენი ქვეყნებისთვის.
დღეს, როდესაც რუსეთი სამხედრო აგრესიით უპირისპირდება უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურას, როდესაც დასავლეთი ერთიანია რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ, საქართველო ის პროდასავლური ქვეყანაა რეგიონში, რომლის 20% ოკუპირებულია და არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები.
მიგვაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა.
ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს დაყოს მსოფლიო გავლენის სფეროებად და ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს.
მტკიცედ გვწამს, რომ რუსეთის სურვილი თავის ორბიტაზე დააბრუნოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და შეზღუდოს ჩვენი დემოკრატია და სუვერენიტეტი ვერ შედგება და ევროკავშირის კადიდატის სტატუსი მოგვცემს იმედს, ძალას და შესაძლებლობას ასრულდეს ჩვენი ერების ისტორიული ნება, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია, შესაბამისად, ამ სტატუსზე უარი საზოგადოებაში აღქმული იქნება, როგორც უარი ქართველი ხალხის ნებას. ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა, ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო, არ უნდა გადაიხადოს ესოდენ მაღალი ფასი. შესაბამისად, მიუხედავად რეფორმების გზაზე არსებული პრობლემებისა და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დეპუტატები ვთვლით, რომ აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მივიღოთ ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.
გთხოვთ, დადებითად გადაწყვიტოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის მართლმსაჯულებისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და რუსეთის გავლენისგან საქართველოს გათავისუფლებას“.