,,მოქალაქეების“ წარმომადგენლები ადგილობრივი პრობლემების მოსასმენად რუსთავის შემდეგ ქუთაისს ესტუმრნენ. პარტიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შედეგად, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რაც ქალაქის მოსახლეობას აწუხებს.
როგორც მოქალაქეები პარტიის წარმომადგენლებთან აღნიშნავენ, ქალაქის განვითარებას საკმარისი ყურადღება არ ექცევა. როგორც აღმოჩნდა, ქუთაისში კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება მუნიციპალური ტრანსპორტი, ქაოტური მშენებლობები, ქალაქში არ არის საკმარისი გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის, არ არის საცურაო აუზები. მოსახლეობის უკმაყოფილება ეხება ასევე სამედიცინო მომსახურების სფეროს, როგორც ისინი აღნიშნავენ ქალაქში სასწრაფო დახმარების მანქანებისა და ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობაა, რაც იწვევს მომსახურების დაგვიანებას.
გამოიკვეთა ასევე დასაქმებისა და ნეპოტიზმის პრობლემა, ქალაქში არ არის დასაქმებისთვის საკმარისი რესურსი, შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილი არის უმუშევარი. დასაქმებაში ხელისშემშლელ ერთ-ერთ ფაქტორად ნეპოტიზმი სახელდება.
მოქალაქეები ჩივიან იმასაც, რომ იძულებული ხდებიან ადგილობრივი წარმოების პროდუქცია საზღვარგარეთ გაიტანონ, რადგან ადგილზე მისი რეალიზება უჭირთ.
როგორც ,,მოქალაქეების“ წარმომადგენელმა გიორგი ონიანმა აღნიშნა, პარტიას აქვს გარკვეული ხედვა რეგიონების განვითარების კუთხით, მოსახლეობასთან რეგულარული შეხვედრები კი მათ დაეხმარება აქცენტები სწორედ იმ პრობლემებზე გააკეთონ, რაც კონკრეტულ რეგიონს აქვს.
,,გვსურს, მოვისმინოთ მოსახლეობის სატკივარი, რაც შემდგომში მათი პრობლემების მოგვარებას გაგვიადვილებს. ასეთი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ქალაქში, რომელიც ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, არის გარკვეული პრობლემები, რაც მოგვარებას ნამდვილად ექვემდებარება. ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი იყო, რადგან უკვე ვიცით, თუ რა არის ის პრიორიტეტული საკითხები, რაზეც ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ. თითოეული მოქალაქის მიერ დასახელებულ პრობლემას საქმით გამოვეხმაურებით“ _ განაცხადა გიორგი ონიანმა.

