პლენარულ სხდომაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. მოხსენების შემდეგ პაპუაშვილს პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა განათლების შესახებ კითხვა დაუსვა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, განათლების სისტემა საქართველოში კრიტიკას ვერ უძლებს, მაგალითისთვის კი სვანეთის საგანმანათლებლო დაწესებულებები მოიყვანა, სადაც დეპუტატი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა და, როგორც თავად ამბობს, საკუთარი თვალით ნახა და მოისმინა მასწავლებლებისა და დირექტორებისგან ინფორმაცია.
დეპუტატის განცხადებით, საგანმანათლებლო კოდექსის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ კოდექსის შექმნა პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
„პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლიდან გამომდინარე რასაც მივხვდი, დაგეგმილია კოდექსის შექმნა. ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ კოდექსის შექმნა მგონი ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც განათლებაში არის დაგროვილი და კარგი იქნებოდა, რომ მინისტრი აქ ყოფილიყო და მოესმინა, რის თქმასაც ვაპირებ, იმიტომ, რომ მე მგონი, არსად იმხელა ჩავარდნა არ გვაქვს, რამხელაც განათლების სისტემაში და ეს ყველაზე კარგად ვიცით იმ ადამიანებმა, ვინც ვართ მშობლები და ჩვენს შვილებს ვაძლევთ განათლებას. საჯარო სკოლებში რა მდგომარეობაცაა ეს ჩვენ კარგად ვნახეთ. მათ შორის, ახლა ვიყავით კომიტეტთან ერთად სვანეთში და ჩვენი თვალით ვნახეთ და ვესაუბრეთ მასწავლებლებს, დირექტორებს. სვანეთში ჯამში არის 24 სკოლა, აქედან 23 პრაქტიკულად დანგრევის პირასაა. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის მდგომარეობა რაც არის, მათ შორის, სვანეთში და რაც არის ზოგადად საქართველოში განათლების თვალსაზრისით. იმედი მქონდა, ამ პარლამენტში რომ შემოვდიოდი, რაღაც საფუძვლიან რეფორმაზე გვექნებოდა საუბარი, რომელიც, საბოლოოდ, ამ მიმართულებით მოაგვარებდა პრობლემებს, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ასეთი რამ ჯერჯერობით ვერ მოვისმინე" _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ყოველი ახალი მინისტრის მოსვლისას ახალი რეფორმა ტარდება, თუმცა ყველა მათგანი კრახით სრულდება. მისი თქმით, სკოლები ბავშვების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას ვერ უზრუნველყოფენ, შედეგად კი აბიტურიენტების მშობლებს რეპეტიტორებთან მომზადებაში ძალიან დიდი თანხის გადახდა უწევთ.
,,ჩვენ გამოვიცვალეთ ოცამდე განათლების მინისტრი, ყოველი ახალი მინისტრი იწყებდა ახალ რეფორმას, რომელიც საბოლოო ჯამში მთავრდებოდა კრახით და ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ჩვენი შვილები კონკურენციას ვერავის უწევენ განათლების თვალსაზრისით, შეფასებები წაკითხული შინაარსის გააზრებაში არის უკიდურესად დაბალი და ამაში სახელმწიფო იხდის ძალიან დიდ ფულს. საუბარია არა რომელიმე მინისტრის პასუხისმგებლობაზე, არამედ ზოგადად განათლების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე.
40 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის ყველა მათგანის მშობლებს მათ მომზადებაში გადახდილი აქვთ ფული, დაახლოებით 70 მილიონ ლარს ყოველწლიურად მშობლები რეპეტიტორებში იხდიან. ეს ხომ პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ განათლების სისტემა არ მუშაობს. 11 წელი რას სწავლობენ ბავშვები, თუ მე-12 წელს ყველა მშობელმა ყველაფერი უნდა მოიკლოს, სესხი აიღოს და გადაიხადოს რეპეტიტორში ფული. ეს არის სრულიად მოშლილი სისტემა, სადაც, ჩემი აზრით, უბრალოდ თავს ვიტყუებთ, რომ ჩვენი შვილები იღებენ განათლებას“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.