დღეს საქართველოს პარლამენტში დეპუტატებმა ,,მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მინისტრმა ცალკეული დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის კითხვა საჰაერო თავდასხმის შემთხვევაში შეტყობინების სისტემებსა და სამოქალაქო თავდაცვით ნაგებობებს ეხებოდა. როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, შსს-ს ცნობით ქვეყანაში არსებული 6499 სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობიდან მხოლოდ 105 ფუნქციონირებს.
,,გვაქვს თუ არა შეტყობინების სისტემები საჰაერო თავდასხმის შექმნის შემთხვევაში და ფუნქციონირებს თუ არა ისინი?
ასევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადმოგზავნილი წერილიდან ირკვევა, გვაქვს 6499 სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობა, მაგრამ აქედან მხოლოდ 105 ფუნქციონირებს. მაინტერესებს, გაქვთ თუ არა ამ მიმართულებით დაგეგმილი რაიმე ღონისძიებები, რომ გაიზარდოს მათი ფუნქციონირება, ან გაიზარდოს ნაგებობების რიცხვი, რადგან ყველას კარგად გვესმის რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ნაგებობებს, როდესაც ის საფრთხეებია მოსალოდნელი ქვეყანაში, რაც ერთხელ უკვე თავს დაგვატყდა“ _ მიმართა ლევან იოსელიანმა მინისტრს.
მინისტრის პასუხი კი ასეთი იყო:
,,ეს პრობლემა არის რეალურად, ჩვენ უსაფრთხოების საბჭოს ფორმატზე დავაყენეთ ეს საკითხი შსს-სთან ერთად, დღევანდელი პროცესი არის ის, რომ უნდა მოხდეს განფასება, თუ რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. აღნიშნული ხარჯები ჩვენ არ გვედო ბიუჯეტში, თუმცა ვაცნობიერებთ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“ _ აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვით ნაგებობებთან დაკავშირებით კი, მან განაცხადა, რომ ამაზე არ ისაუბრებს
,,რაც შეეხება თავდაცვით ნაგებობებს, ამაზე არ ვისაუბრებ...“ _ განაცხადა მინისტრმა.