,,ხვალ რომ რუსეთს გადაუბრუნდეს და თავს დაგვესხას, რას ვაკეთებთ? სად არის გეგმა?“ _ ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილის გამოსვლა პარლამენტში:
,,დარწმუნებული ვარ, ქართულ საზოგადოებას, ჩვენი მეომრული ბუნებისა და ქვეყნის მიმართ სიყვარულის გათვალისწინებით შეუძლია ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს. რა განასხვავებს საქართველოს იმ ქვეყნებისგან, რომელიც ომისთვის მზად არის? ჩვენ არავიზე ნაკლებად გული არ გვერჩის და არ მჯერა, რომ, მაგალითად, ისრაელის ან ფინეთის მოქალაქეებს უფრო მეტად უყვართ თავისი ქვეყანა, ვიდრე ჩვენ. მაგრამ, ფინელმაც და ებრაელმაც იცის, თავდასხმის შემთხვევაში სად წავიდეს, იარაღი სად არის, ზუსტად იცის რა დავალება აქვს და რომელი ტერიტორია უნდა დაიცვას, საათივითაა აწყობილი ეს მექანიზმი, ზუსტად იციან რა გააკეთონ. ყველა მოქალაქეს აქვს ფუნქცია და ყველა გრძნობს, რომ ის არის საჭირო სახელმწიფოსთვის. და ამ დროს რა გვაქვს ჩვენ? 2008 წელს რომ თავს დაგვესხნენ და ძალიან მარტივად დაგვამარცხეს, ამის შემდეგ ჩვენს მეგობარ უკრაინას რომ თავს დაესხნენ, რას ვაკეთებთ ჩვენ ამ დროს? როგორ ვემზადებით? ჰაერსაწინაღმდეგო სისტემა ვერ გვიყიდია.
ახლა როცა ლენდ ლიზმა გააჩინა შესაძლებლობა, რომ ამერიკა ასე გამარტივებულად აძლევს უკრაინას იარაღს, სად ვართ ჩვენ? ისევ ხმას არ ვიღებთ. თხოვნა მაინც ხომ შეგვიძლია? არ გვჭირდება გადაიარაღება? თუ არა ჩვენი უდარდელი და არხეინი ხასიათი, სხვა ვერაფრით ვერ ვხსნი, 2008 წლის გამოცდილების შემდეგ მარტო ჯარის იმედად როგორ ვართ? კანონში რომ გვიწერია ტოტალური თავდასხმა, მტერს ფურცელი ვაჩვენოთ და შეეშინდება და გაიქცევა?
მე მჯერა, რომ შეგვიძლია ისეთი სტრუქტურის აწყობა, სადაც იქნებიან მოხალისეები, სადაც იქნება რეზერვი, სადაც დედაწულიანად, ქალიან-კაციანად ყველა ქვეყნის დაცვაში იქნება ჩართული და ყველას ეცოდინება, რა უნდა გააკეთოს თავდასხმის შემთხვევაში. საფრთხე კი არ მინდა რომ დადგეს, უბრალოდ, მინდა, მზად ვიყოთ, რომ საფრთხე არ დადგეს. მე მწამს ასეთი მომზადებული საქართველო, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ,,ქართულ ოცნებას“ არ სწამს იმის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვინმეს წინააღმდეგობა გავუწიოთ.
თუ გვინდა, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ და თავზე არ დაგვემხოს ყველაფერი, ყველა უნდა დავირაზმოთ, ყველა სახსრები თავდაცვისუნარიანობას მოვახმაროთ. მიამჩნია, რომ სავალდებულო სამსახური უნდა იყოს, რომ ყველა მოქალაქემ განიცადოს პასუხისმგებლობა საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, სავალდებულო სამსახურით იწყება პასუხისმგებლობა. ყველამ უნდა იცოდეს იარაღის ხმარება, ყველამ უნდა იცოდეს ოცეულის, ასეულის, ბატალიონის დონეზე რა უნდა გააკეთოს. მაშინ ვიქნებით მშვიდად და არ ვიქნებით ასეთი საცოდავები, როგორც დღეს გამოვიყურებით. ასე ვერ გვითქვამს, რომ ცოტა გადაბრუნებულად არ გამოგვვივიდეს, ისე ვერ გვითქვამს, რომ ასე გადმობრუნებულად არ გამოგვივიდეს. გვყავს ჯარი, მაგრამ ზღვაში წვეთია მხოლოდ ჯარის წინააღმდეგობა იმ საფრთხეებთან შედარებით, რაც შეიძლება თავს დაგვატყდეს. ხვალ რომ რუსეთს გადაუბრუნდეს და თავს დაგვესხას, რას ვაკეთებთ? სად არის გეგმა? მინდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ დარაზმოს მთელი საქართველო, ,,ქართულმა ოცნებამ“ გაიმეტოს ფული იმისთვის, რომ საქართველო გახდეს წელგამართული თავდაცვის თვალსაზრისით. იმიტომ კი არა, რომ ომი გვინდა და შარს ვეძებთ, არამედ იმიტომ, რომ მოგვერიდოს ყველა, ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც თუ თავს თაესხმებიან, ყველას წინააღმდეგობას გაუწევს. მაშინ ვიქნებით მშვიდი ქვეყანა, განცხადებებშიც ყოჩაღები ვიქნებით, საქმეებშიც და ნაბიჯებშიც“.