,,მოქალაქეების" წარმომადგენელი ნინო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც პარტიული ინტერესები არ აქვთ და ვისთვისაც ევროინტეგრაციაა მნიშვნელოვანი, ყველა სივრცეში გამოხატვის საშუალება უნდა ჰქონდეთ და ამის გამო მათ არ უნდა ამუნათებდნენ.
როგორც იგი აღნიშნავს, ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა არცერთი პარტიის საკუთრება არ არის.
,,ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა ჩვენი ისტორიული არჩევანია და ის არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ორგანიზაციის მიერ პრივატიზებული!
რა ქნას იმ მოქალაქემ, რომელიც ელოდება კანდიდატის სტატუსის მიღებას და ამ მისწრაფებისთვის ყველა სივრცეში უნდა საკუთარი აზრის გამოხატვა?
რა ქნას იმ მოქალაქემ, რომელიც არ არის “ ქართული ოცნების “ ან “ ნაციონალური მოძრაობის “ მხარდამჭერი და ყველგან ისმენს ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულებას 16 ივნისისა და 20 ივნისის აქციის შესახებ?
ძალიან შორს წაგვიყვანს ახლა იმის ჩამოთვლა, რომელ ცხრა წელს მეტი გაკეთდა და გაფუჭდა! რომელ აქციას ვინ აორგანიზებს და ა.შ..
როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მომავალს და ჩვენი არჩევანის ღიად დაფიქსირებას, თავი უნდა შევიკავოთ ადამიანების დამუნათებისგან, ვისაც თავის შეხედულება აქვს თუნდაც რომელიმე აქციის მიმართ!
პირადად მე, ვიყავი დღესაც და წავალ ყველგან, სადაც ღიად იქნება გამოხატული საქართველოს ევროპული არჩევანი და სადაც მექნება ამ შეხედულების გამოხატვის საშუალება, რადგან პირველ რიგში ვარ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი და საერთოდ არ მაღელვებს ვიწროპარტიული მოსაზრებები და გაუთავებელი ბრალდებები" _ წერს ნინო ჩარკვიანი.