ხელისუფლებას რომ არ ეკეთებინა ის, რაც განსაკუთრებით ევროპასთან და ევროკავშირთან მიმართებით აკეთა, ასე არ ჩავფლავდებოდით და მოლდოვასა და უკრაინასავით წელგამართული ვიქნებოდით. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც იგი აღნიშნავს, ახლა ხელის ჩაქნევის დრო არ არის, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც ძალისხმევა იქითკენ უნდა მიმართოს, რომ ქვეყანამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები შეასრულოს.
,,დღევანდელ აქციაზე უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი წინაპრების არჩევანია ევროპა, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. აქამდე ვის რა გვინდოდა, ვერ ვარკვევდით. ოპოზიციისთვის სამოქმედო გეგმა მარტივად განისაზღვრა. ხელისუფლებას ან წლის ბოლომდე შევასრულებინებთ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პუნქტს, ან არასდროს. ოპოზიციის მთელი ძალისხმევა ამისკენ უნდა იყოს მიმართული. ფაქტია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ გვაჯობეს და ჩვენ ჩავფლავდით. ჩვენს ხელისუფლებას რომ არ ეკეთებინა ის, რაც განსაკუთრებით ევროპასთან და ევროკავშირთან მიმართებით აკეთა, ასე არ ჩავფლავდებოდით და მოლდოვასა და უკრაინასავით წელგამართული ვიქნებოდით. ახლა თვითგვემის და ევროპაზე ხელის ჩაქნევის დრო არ არის. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპა! საქართველო აღარ იქნება რუსეთის ნაწილი არასოდეს, ღმერთმა დაგვიფაროს, ეს არ უნდა დავუშვათ! კარგად უნდა შევაჯანჯღაროთ საკუთარი თავიც და ხელისუფლებაც. გვაქვს ძალიან მკაფიო დავალებები და მკაფიო დრო, კონკრეტულ 12 პუნქტს თუ შევასრულებთ, ჩვენ გვეხსნება შესაძლებლობა მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, ახლა ხელები უნდა დავიკაპიწოთ და მონდომებით ვიმუშაოთ“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.