,,ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში ოლიგარქიზაციის შესახებ კანონია მიღებული და ეს კანონი საქართველოში რომ მოქმედებდეს, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ოლიგარქებად ჩაითვლებოდნენ. მისივე თქმით, ამ კანონის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არ ჩაითვლებოდა.
„დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ „ნაციონალები“ და „ლელო“ – ორი მთავარი რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე უკრაინაში არის მიღებული კანონი ოლიგარქიზაციის შესახებ და ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ამ კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერაფრით ჩაითვლება ოლიგარქად, მაგრამ ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე-ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ სააკაშვილი-კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, ამ კანონის მიხედვით, ოლიგარქად ითვლება ადამიანი, რომელსაც აქვს 85 მილიონ დოლარზე მეტი, აქვს გავლენა მედიაზე, აქვს გავლენა პოლიტიკაზე და ბიზნესში მონოპოლიური ან დომინანტური მდგომარეობა აქვს. ივანიშვილი კი, კობახიძის თქმით, ამ კრიტერიუმებიდან მხოლოდ ერთს აკმაყოფილებს.