სააკაშვილი ოცნებობს რაღაცებზე უკვე ამდენი წელია, ახლა ციხიდან ოცნებობს, მანამდე ციხის გარეთ ოცნებობდა. რა თქმა უნდა, მის ამ ოცნებებს ასრულება არ უწერია, არავითარი ტექნიკური მთავრობა და რიგგარეშე არჩევნები არ იქნება – ბაკურიანის გეგმას განხორციელება არ უწერია. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და იდეები პოლარიზაციისკენაა მიმართული, რითაც ისინი პირდაპირ ევროპას უპირისპირდებიან.
,,ისინიც საქართველოში პოლარიზაციის ხელშემწყობი ადამიანები არიან, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მათ ევროპული მანტია აქვთ მოსხმული, თუმცა სინამდვილეში, მარტივი დანამატი არიან იმ პარტიის, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია და ისინიც ჩვენს ქვეყანაში ხელს უწყობენ პოლარიზაციას. ევროკომისიის მთავარი მოთხოვნა პოლარიზაციის შემცირება იყო და ყველა ეს მესიჯი ემსახურება პოლარიზაციის გაღვივებას.
რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ევროპას და მის პირველივე მოთხოვნას, რომელიც დასკვნაშია ჩადებული. აქედან ჩანს, რომ მათ არ უნდათ ევროპა – ეს არის რეალობა, მათი რეალური შიგთავსი და შინაარსი. ყველა ეს იდეა – ხელისუფლების ცვლილება, რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და ა.შ. არის პოლარიზაციის რიტორიკის გაგრძელება, რითაც ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ევროპას“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.