,,უნდა შევძლოთ ერთად დასხდომა, დავასრულოთ ურთიერთბრალდებები და ვაიძულოთ ხელისუფლება, შეასრულოს ეს პუნქტები“ _ ნინო ჩარკვიანი
საქართველო ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილების მოლოდინშია - მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ევროსამიტი 23-24 ივნისს გაიმართება. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებენ. ,,ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციის ნაწილს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანას სტატუსის მიღებაში სწორედ მათი ქმედებები უშლის ხელს. საზოგადოება და ოპოზიცია კი ხელისუფლებისგან ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პირობების შესრულებას ითხოვს. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს რომ საქართველო დღევანდელი ხელისუფლების პირობებში დეოლიგარქიზაციას, დეპოლარიზაციასა და ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული მოთხოვნებიც ჟღერდება.
ნინო ჩარკვიანი გადაცემა ,,დროული კითხვების“ ეთერში აცხადებს, რომ პარტია ,,მოქალაქეებს“ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატული პოზიცია არ აქვს, რადგან, კონსტიტუციის თანახმად, 2024 წელს არჩევნები ისედაც უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, ,,მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ დაადასტურეს.
,,ჩვენი პარტიის პოზიცია ყველასთვის ნათელია, ეს არის ევროპული პერსპექტივა, ერთადერთი დეპუტატი იყო ჩვენი პარტიის ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც პირდაპირ ბრძოლის ხაზზე წავიდა, ხოლო ჩვენი პარტიის მეორე ლიდერმა ლევან იოსელიანმა გაუკეთა კოორდინირება, რომ პარტიები ერთად ჩასულიყვნენ ბუჩაში და ამით პრაქტიკულად აიძულა ,,ქართული ოცნება“, რომ ერთიან ვიზიტში მიეღო მონაწილეობა.
ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ არის ასე მკვეთრად გამოხატული, რადგან ვადამდელი არჩევნები ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ჩამონათვალში არ არის. კონსტიტუციაში წერია, რომ ახლა რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, ჩვენ ვიცით, როგორ დაინიშნება, ისევ 120/30-ზე, ანუ ავტომატურად მოყვება მას ისევ 30 მაჟორიტარი და ამასთანავე 2024-შიც აუცილებლად იქნება კვლავ არჩევნები, ესეც კონსტიტუციაში გვიწერია. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა შევძლოთ ერთად დასხდომა, უნდა დავასრულოთ ურთიერთბრალდებები და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ეს პუნქტები შეასრულონ“ _ განაცხადა ნინო ჩარკვიანმა.
როგორც მან ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთან დისკუსიის დროს აღნიშნა, ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლარიზაცია და შეცდომების ერთმანეთისთვის გადაბრალება, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონკრეტულ ქმედებებზე უნდა გადავიდნენ.
,,როდესაც ევროპარლამენტი, ევროსაბჭო, ჩვენი საელჩოები მოგვიწოდებდნენ, რომ შევსულიყავით პარლამენტში და დაგვეწყო თანამშრომლობა, თქვენ არ შემოხვედით. პარლამენტში ადამიანი შედის კონკრეტული მანდატით და იმ კონკრეტული საქმეების გასაკეთებლად, რისი მანდატიც მას ხალხმა მისცა. თუ შეგიძლიათ დამისახელოთ თქვენი პარტიის რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ყველაზე ბევრნი ხართ წარმოდგენილი. ჩვენს პარტიას რაც შეეხება, ყველაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა, ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვა სწორედ ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანისგან არის დასმული, შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია პარლამენტიდან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ შეუძლიათ საუბარი ნებისმიერ პარტიასთან, თუნდაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ან ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან. ხალხი დაიღალა სწორედ ამ ხელების შვერით და ერთმანეთის მიმართ ზიზღის დემონსტრირებით, რასაც თქვენ ახლაც აგრძელებთ და ამით გინდათ გადაფაროთ მნიშვნელოვანი თემები. ახლა მთავარი ამოცანა ყველასთვის ნათელია - საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პირობები, ამის ირგვლის უნდა გავერთიანდეთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, მოთხოვნების შესრულებაზე დაიწყოს მუშაობა.
არ შეიძლება მუდმივად ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ,,ქართულ ოცნებაზე“ ვილაპარაკოთ, ხალხს სხვა რაღაც უნდა. ჩვენი პარტია ახლა, არასაარჩევნო დროს დავდივართ და ვხვდებით მოსახლეობას ყველა რეგიონში. საერთოდ არ აინტერესებს რაიონის მოსახლეობას და ჩვენს ამომრჩეველს, მათ შორის, თქვენს ამომრჩეველსაც, ის დავა, რომელიც დაუსრულებელია. ჩვენი პოზიცია არის, რომ იყოს პლურალისტური გარემო და იყოს მხოლოდ საქმეზე ლაპარაკი, მხოლოდ ქმედითი ნაბიჯები. არ უნდა იყოს არაცერთი პარტია უმრავლესობაში“ _ განაცხადა ნინო ჩარკვიანმა.