ისევ იმ სიბნელეში გვინდა დაბრუნება? იმ ხალხთან გვინდა, ვითომ ერთმორწმუნეები რომ არიან? ავტოკეფალია რომ გაგვიუქმეს, ჯერ სახელმწიფო წაგვართვეს, მერე ეკლესია წაგვართვეს, ეკლესიები დაგვინგრიეს. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური პარტიები პოლარიზაციით ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, ევროპულ პერსპექტივას აზიანებენ.
,,ორი დღე დარჩა და საქართველოს არსებობის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს და ამას ვაზიანებთ ზუსტად, ჩვენი შვილების პერსპექტივას და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარს ვყრით წყალში, მათ დაღვრილ სისხლს ვყრით წყალში, ქრისტიანული სამყაროს განაპირა მცველები ვიყავით, თუ მონღოლებისგან, თუ არაბებისგან, თუ თურქებისგან, თუ რუსებისგან ბოლო 30 წელია, 4-ჯერ ვეომეთ რუსებს.
ჩვენი შვილების მომავალი არ გვადარდებს? რა არჩევანს ვიტოვებთ, რომ ამაზე ვთქვათ უარი და ისევ გავხდეთ რუსეთის ნაწილი? ისევ იმ სიბნელეში გვინდა დაბრუნება? იმ ხალხთან გვინდა, ვითომ ერთმორწმუნეები რომ არიან? აფხაზეთში ახლა ბედიის მონასტერს რასაც უშვრებიან, ეს არის ერთმორწმუნეობა? ავტოკეფალია რომ გაგვიუქმეს, შემოსულები რომ არ იყვნენ, ჯერ სახელმწიფო წაგვართვეს, მერე ეკლესია წაგვართვეს, ეკლესიები დაგვინგრიეს. დღეს რას აკეთებენ, რად გადააქციეს აფხაზეთი, სამოთხე დედამიწაზე, ან ცხინვალი და სამაჩაბლო რად გადააქციეს? ან ილორის ტაძარში რა ხდება, რომ გაძარცვეს და გადათხარეს და შავი არქეოლოგების სათარეშოდ აქციეს უძველესი ქართული ძეგლები სამაჩაბლოში, ამათთან გვინდა დაბრუნება? იმ რუსებთან გვინდა დაბრუნება, რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩბლოში ყველანაირ ქართულ კვალს შლიან? ჩვენი დღევანდელი დღე არის ზუსტად ეს, რომ მოვტრიალდეთ ევროპისგან და ისევ იმ სიბნელეში წავიდეთ“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.